ახალი ამბები

ჩვენი სიცოცხლე ღმერთს აბარია, მე ვერავის სიცოცხლეზე ვიქნები პასუხისმგებელი – პრემიერი სააკაშვილზე

7 დეკემბერი, 2022 •
ჩვენი სიცოცხლე ღმერთს აბარია, მე ვერავის სიცოცხლეზე ვიქნები პასუხისმგებელი – პრემიერი სააკაშვილზე

„ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს. ასე რომ, მე ნამდვილად ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი“, — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას იმის შესახებ, იღებს თუ არა  პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე.

„ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს. ასე რომ, შეგიძლიათ, სწორად მოვიქცეთ ყველანი“, — მიმართა მან ჟურნალისტებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რადგან არ არის ექიმი და არ იცის, რა სჭირს ექსპრეზიდენტს.

„ერთი ის ვიცი, რომ ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეწყო, სისხლისღვრა მოეწყო… ციხეში ჩასმის დღიდან ემქურებოდა ყველას, რომ თქვენ არ იცით, აქ რამდენიმე ხანში სისხლისღვრა დაიწყებაო. უკრაინის ომი ჯერ დაწყებული არ იყო… შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიშმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში. კადრები გავრცელდა და ვნახეთ ისიც, რომ ჭამდა კიდეც ფარულად. ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, მერე ერთ თვეში, ორ თვეში…თავის თავს აჯერებდა, რომ ისე კარგად „თამაშობდა“ და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, რომ ის შიშმშილობს, ცუდად არის და გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ნახა თუ არა ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, ამბობს, რომ არ აინტერესებს.

„ძალიან ბევრი მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? მე არ ვარ ექიმი. ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. ეს არ უნდათ ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება დაცული იქნას.

„მე მინდა, გულწრფელად, როგორც ადამიანმა ადამიანს, სააკაშვილს ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?“ — თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის საკითხით არეულობას ვერ მოაწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი