ახალი ამბები

9 დეკემბერს სასამართლოსთან ენმ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს

7 დეკემბერი, 2022 • 660
9 დეკემბერს სასამართლოსთან ენმ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს

9 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე პროცესის დანიშვნის შემდეგ დღეს, 7 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვა იყო.

შეხვედრას ესწრებოდა გიორგი მუმლაძეც, რომელსაც ენმ-ის თავმჯდომარეობა სურს. პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი მსურველი ლევან ხაბეიშვილი კი დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდა, რადგან რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. თუმცა შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა კულმინაციურ ფაზაში შედის და დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, რადგან ეს ერთობის დემონსტრირება იყო.

„უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ენმ-ის პარტიის მხრიდან თუკი რაიმე ნაბიჯი იდგმებოდა ან არ იდგმებოდა, ეს განპირობებული იყო დაცვის მხარის სტრატეგიით, რომელიც ჰქონდა და აქვს[…] დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას, ამოქმედებული იქნება და აქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება იმას, რომ შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი არ ესწრებოდა, მელიას თქმით, ეს პრობლემა არ არის, რადგან შეხვედრას მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე იყო ერთობის ილუსტრაცია და განსხვავებული ადამიანების ერთი მაგიდის გარშემო დასხდომის დემონსტრაცია, რომელიც ამ პარტიაში ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც. ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, ის დაესწრო დღევანდელ შეხვედრას, ვისაც არ ჰქონდა ფიზიკურად შესაძლებლობა ამა თუ იმ მიზეზის გამო დღეს გამოცხადებულიყო ამ შეხვედრაზე, არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც მისი[ლევან ხაბეიშვილის] წარმომადგენლები იყვნენ ამ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმდეს სამოქმედო გეგმა ერთმანეთთან და ვიყოთ კონსოლიდირებული მიხეილ სააკაშვილის საკითხის, ჰუმანიტარული საკითხის გადაჭრის თაობაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რეგიონებში მხარდამჭერებს ხვდება და მათ შორის, 9 დეკემბრისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დღისთვის, მათ მობილიზებას ახდენს.

„მე და პეტრე ცისკარიშვილი ვიმყოფებით ასპინძაში, ვხვდებით ჩვენს აქტივს, ცხადია, 9 დეკემბერს სასამართლოსთან დაკავშირებით. ასპინძიდან უნდა შევხვდეთ ადიგენში ენმ-ის მხარდამჭერებს, ასევე უნდა ვისაუბროთ პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით მობილიზაციაზე[…] ჩვენი წარმომადგენლები ესწრებიან შეხვედრას და მე ორი ხელით მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება რაიმე აქტივობასთან. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ენმ-ში, გაზიარებული იქნება ჩვენ მიერ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი მუმლაძის თქმით, 9 დეკემბერი პროცესების დაწყების ათვლის წერტილი უნდა გახდეს და ამიტომ ამ დღეს მაქსიმალურად სოლიდარულები და მობილიზებულები უნდა იყვნენ.

„თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ჩატოვებს ციხეში, ქუჩის პროტესტს ალტერნატივა არ ექნება. ეს იყო ჩემი პოზიცია. პარტიის უმრავლესობაში ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში არ მოვაკვლევინებთ[…] ამ ნაწილში მე ვითანამშრომლებ და ვიდგები ყველასთან, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა მათ პოლიტიკურ ხედვებს“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი