ახალი ამბები

აშშ: დემოკრატები ჯორჯიაში იმარჯვებენ და მეტად იმყარებენ უმრავლესობას სენატში

7 დეკემბერი, 2022 • 583
აშშ: დემოკრატები ჯორჯიაში იმარჯვებენ და მეტად იმყარებენ უმრავლესობას სენატში

აშშ-ის დემოკრატებმა, ჯორჯიის შტატში მათი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, სენატში უმრავლესობა გაიმყარეს.

ეგზიტპოლების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი რაფაელ უორნოკი ამარცხებს რესპუბლიკელ კონკურენტს, ჰერშელ ვოლკერს, რომელსაც ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერდა მხარს.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს შედგა. უორნოკი ვოლკერს 37 000 ხმით უგებდა, თუმცა იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა 50%-იანი ზღვარი, შტატში მეორე ტური გახდა საჭირო.

Edison Research-ის მიხედვით, ამჟამად, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, დემოკრატი კანდიდატი 50.8%-ით ლიდერობს, მის რესპუბლიკელ კონკურენტს კი 49.2% აქვს.

ჯორჯიაში წარმატების შემდეგ, ჯო ბაიდენის პარტიას აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში(სენატში) 51 მანდატი აქვს, რესპუბლიკელებს — 49.

ის, რომ დემოკრატები სენატს შეინარჩუნებდნენ და უმრავლესობაში დარჩებოდნენ, ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მალევე გაირკვა. თუმცა ჯორჯიაში გამარჯვება უფრო ამყარებს დემოკრატების კონტროლს ზედა პალატაში.

მეორე მხრივ, ჯორჯიის შტატის შედეგი კიდევ ერთი იმედგაცრუებაა რესპუბლიკელებისთვის, რომელთა მოლოდინებიც არ გამართლდა საკანონმდებლო ორგანოში დამაჯერებელი უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა(წარმომადგენელთა) პალატაში შეძლო უმრავლესობის მოპოვება, თუმცა ორი პარტიის მანდატების რაოდენობაში სხვაობა მცირეა.

როგორც BBC წერს, კანონშემოქმედებით პროცესში რესპუბლიკელების თანხმობა დიდწილად ისევ იქნება საჭირო, თუმცა ჯორჯიის შედეგი და სენატში გამყარებული უმრავლესობა ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენისთვის ოდნავ უფრო მარტივი იქნება, დანიშნოს  მოსამართლეები და თავისი ადმინისტრაციის წევრები.

შუალედური არჩევნები აღქმული იყო როგორც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიცია, რასაც ხელი შეუწყო თავად ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ღიად დაუჭირა მხარი რესპუბლიკური პარტიის არაერთ კანდიდატს, მონაწილეობდა მათ საარჩევნო კამპანიაშიც.

შუალედური არჩევნების შემდეგ, 16 ნოემბერს, ტრამპმა თქვა, რომ 2024-ის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის მას მოუწევს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოგება პრაიმერის გზით.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი პოპულარობას ინარჩუნებს რესპუბლიკელ ამომრჩევლებში, თუმცა შუალედური არჩევნების არასახარბიელო შედეგზე არაერთი აკისრებს მას პასუხისმგებლობას:

ტრამპის ფავორიტ მრავალ კანდიდატს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ექსპრეზიდენტის უსაფუძვლო პრეტენზიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ, დიდწილად გაუჭირდათ არჩევნების მოგება ან დამარცხდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი