საზოგადოება

„გიგანტური წითელი ტალღა ვერ შედგა“ — რა მოხდა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე

10 ნოემბერი, 2022 • 1976
„გიგანტური წითელი ტალღა ვერ შედგა“ — რა მოხდა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, ორივე წამყვანი პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები თანხმდებიან, რომ არ გამართლდა რესპუბლიკური პარტიის მოლოდინები საკანონმდებლო ორგანოში დამაჯერებელი უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით.

„ჩვენმა დემოკრატიამ არაერთი ტესტირება გაიარა ბოლო წლებში, მაგრამ ამერიკელმა ხალხმა თავისი საარჩევნო ხმით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რაც ჩვენ ვართ. მაშინ, როცა მედია და ანალიტიკოსები წინასწარმეტყველებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა“, — 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები 9 ნოემბერს ასე შეაფასა აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა,

„წითელი ტალღის“ მოლოდინი, იგივე რესპუბლიკური პარტიის დამაჯერებელი უპირატესობის მოპოვება რომ ფუჭი მოლოდინი აღმოჩნდა, ამაზე თავად რესპუბლიკურ პარტიაშიც თანხმდებიან და ნაწილი ხელს იშვერს აშშ-ის ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისკენ.

რა ხდება

თბილისის დროით 10 ნოემბრის დილის 12 საათის მონაცემებით, „ფოქს ნიუსისა“  და CNN-ის მიხედვით, დემოკრატებს 100-წევრიან სენატში გარანტირებული აქვთ 48 ადგილი, რესპუბლიკელებს — 49, დარჩენილია შედეგების გამოცხადება 3 ადგილის დასაკავებლად. იმისათვის, რომ რესპუბლიკელებმა სენატის გაკონტროლება შეძლონ, მათ კიდევ 2 ადგილი და, ჯამში, 51 ხმა უნდა მოიპოვონ. უმრავლესობისთვის დემოკრატებს დამატებით 2 სენატორის გაყვანაც ჰყოფნით, რადგან 51-ე ხმას მათთვის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უზრუნველყოფს.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნები მეორე ტური 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს ჯორჯიის შტატში, რადგან 8 ნოემბერს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების 50%-ზე მეტი.

სენატორობის დემოკრატ კანდიდატ რაფაელ უარნოკს 49.42% აქვს, ხოლო რესპუბლიკელ ჰერშელ ვოლკერს — 48.51%.

„ფოქს ნიუსის“ მონაცემებით, არიზონაში 51.43%-ით უკვე ლიდერობს დემოკრატი მარკ კელი, მის მთავარ კონკურენტს, რესპუბლიკელ ბლეიკ მასტერსს ხმების 46.43% აქვს მიღებული. მართალია, ხმების თითქმის 30% დასათვლელია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ძირითადი სურათი არ შეიცვლება და დემოკრატებს სენატში გარანტირებული 49 ადგილი ექნებათ.

ნევადაში უპირატესობა აქვს სენატორობის რესპუბლიკელ კანდიდატ ადამ ლაქსალტს, რომელმაც ხმების 49.65% მიიღო, დემოკრატ კატერინ კორტეს მასტროს კი 47.39% აქვს. დასათვლელია ხმების 21%, თუმცა მოსალოდნელია, რომ აქ საბოლოოდ გაიმარჯვებს რესპუბლიკელი კანდიდატი. შესაბამისად, რესპუბლიკელებს სენატში 50 ადგილს დაიკავებენ, სენატის გასაკონტროლებლად კი 51 ხმა არის საჭირო.

წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ სენატის კონტროლის საკითხს ჯორჯიის შტატში გასამართი მეორე ტური გადაწყვეტს — ვინც მეორე ტურს მოიგებს, ის გააკონტროლებს სენატს.

შუალედურ არჩევნებამდე სენატსა და წარმომადგენელთა პალატასაც დემოკრატიული პარტია აკონტროლებდა. 8 ნოემბრის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს, დიდი ალბათობით, რესპუბლიკური პარტია მოიპოვებს. ბოლო მონაცემებით, 207 ადგილი აქვთ მოპოვებული, დემოკრატებს — 184. დარჩენილია შედეგების გამოცხადება 44 ადგილის დასაკავებლად. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შესაქმნელად 218 ადგილის დაკავება საკმარისია, რისი შანსიც ყველაზე მეტად სწორედ რესპუბლიკელებს აქვთ.

იმედგაცრუება ტრამპის ფაქტორით

შუალედური არჩევნები აღქმული იყო როგორც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიცია, რასაც ხელი შეუწყო თავად ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან ღიად დაუჭირა მხარი რესპუბლიკური პარტიის არაერთ კანდიდატს, მონაწილეობდა მათ საარჩევნო კამპანიაშიც. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ მათი გამარჯვება ტრამპს მისცემდა მეტ თავდაჯერებას, რათა 2024-ის არჩევნებისთვის თავისი კანდიდატურა დაეყენებინა.

ყველასთვის მოულოდნელად, ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატები არჩევნებში დამარცხდნენ. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო სენატორობის კანდიდატი პენსილვანიიდან მეჰმეთ ოზი, რომელიც ჯონ ფეტერმანთან დამარცხდა.

გარდა სენატორობის კანდიდატებისა, მნიშვნელოვანი მარცხი იწვნიეს სხვადასხვა დონეზე ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა. მათ შორისაა დაგ მასტრიანო, რომელსაც პენსილვანიის გუბერნატორობა სურდა, თუმცა დამარცხდა. ტრამპის არაერთი სხვა მხარდაჭერილი პოლიტიკოსი დამარცხდა შტატების საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში.

აბორტი და მარიხუანის ლეგალიზება

გარდა აშშ-ის კონგრესისა, შტატების ნაწილში 8 ნოემბერს აირჩიეს როგორც გუბერნატორები და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების წევრები, ისე ხმა მისცეს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, მარიხუანის ლეგალიზებასა და აბორტის უფლებას.

8 ნოემბრის არჩევნების შედეგად, მისურისა და მერილენდში ლეგალური გახდა მარიხუანის მოხმარება რეკრეაციული მიზნებისთვის.

8 ნოემბერს მნიშვნელოვანი მარცხი იწვნიეს აბორტის აკრძალვის მომხრეებმა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის ზაფხულში აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე გააუქმა და მისი გადაწყვეტა შტატებს მიანდო. შესაბამისად, თითოეულმა შტატმა თავად უნდა გადაწყვიტოს, აბორტი იქნება თუ არა დაშვებული.

8 ნოემბრის კენჭისყრის შედეგად, მიჩიგანმა, კალიფორნიამ, ვერმონტმა, კენტუკიმ და მონტანამ უარი თქვეს აბორტის უფლების შეზღუდვაზე, როგორც ეს კონსერვატიულ ძალებს სურდათ. მნიშვნელოვანია ის, რომ კენტუკი და მონტანა მკვეთრად რესპუბლიკური შტატებია.

რესპუბლიკური პარტიის „ახალი ლიდერი“

ამერიკული ტელეარხი „ფოქს ნიუსი“, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით არის ცნობილი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შუალედური არჩევნების კონტექსტში დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

Ron_Desantis

რონ დესანტისი. ფოტო: EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

„დონალდ ტრამპისთვის არჩევნები, ბარაკ ობამას სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო დამანგრეველი“, — წერს „ფოქსის“ კონტრიბუტორი, ანალიტიკოსი ლიზ პიიკი.

პიიკი აღწერს ყველა იმ კანდიდატის მარცხს, რომელსაც საარჩევნო კამპანიისას ტრამპი უჭერდა მხარს.

„ტრამპს არჩევნების წინა დღეებშიც ადანაშაულებდნენ იმაში, რომ არჩევნები გამოიყენა პირადი იმიჯის გასაუმჯობესებლად, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის პრიორიტეტი ყოფილიყო რესპუბლიკური პარტიისთვის ადგილების მოპოვება. მან მხარი დაუჭირა ისეთ კანდიდატებს, რომლებიც პერსონალურად ლოიალურნი იყვნენ მის მიმართ და მხარს უჭერდნენ მის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, ბაიდენის არჩევა არალეგიტიმური იყო“, — წერს ფოქსის ანალიტიკოსი.

ის ასევე ხაზს უსვამს ფლორიდის გუბერნატორის პოსტზე რესპუბლიკელი რონ დესანტისის მეორე ვადით არჩევის საკითხს და მიიჩნევს, რომ ის არის რესპუბლიკური პარტიის ახალი ლიდერი.

დესანტისმა მეორე ვადით დაიკავა ფლორიდის გუბერნატორის პოსტი. მან ხმების 59.4% მიიღო, მისმა უშუალო კონკურენტმა კი — 40%. ამ მასშტაბის სხვაობით გამარჯვება დესანტისის განსაკუთრებულ პოპულარობაზე მიუთითებს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებენ ქარიშხალ იანის დამანგრეველ შედეგებთან ეფექტიან ბრძოლას, კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო ნაბიჯებს — ის არ ემხრობოდა საყოველთაო ლოკდაუნს და ა.შ. მან არჩევნები ისეთ ოლქებშიც კი მოიგო, სადაც ბოლო 20 წელია რესპუბლიკელების კანდიდატს არ მოუგია.

სწორედ მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, დესანტისი  2024 წლისთვის გახდეს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი.

„კარგი შედეგი“ დემოკრატებისთვის

აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კმაყოფილია შუალედური არჩევნებით და მიიჩნევს, რომ დემოკრატიულმა პარტიამ იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

„ვფიქრობ, დემოკრატიისთვის კარგი დღე იყო“, — თქვა ბაიდენმა, რომელმაც შესაძლოა, მეორე ვადით იყაროს კენჭი.

8 ნოემბრის არჩევნებს უნდა ეჩვენებინა პრეზიდენტ ბაიდენისთვის, რამდენად უჭერს მხარს მოსახლეობა მას და მისი პარტიის პოლიტიკას. მოლოდინებს აუარესებდა ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რის გამოც გაძვირებულია საწვავი და თითქმის ყველა პროდუქტი. გარდა ამისა, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბაიდენი ვერ უმკლავდება ამერიკელებისთვის უმწვავეს, მიგრაციის პრობლემას ქვეყნის სამხრეთ საზღვართან.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ძირითადად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გააკონტროლებს სენატს. ეს კი 6 დეკემბერს, ჯორჯიის შტატში, მეორე ტურში უნდა გაირკვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი