სამართალი

ვინ არის მოსამართლე, ვინც სააკაშვილის პატიმრობის გადავადების საქმეს განიხილავს

2 დეკემბერი, 2022 • 1220
ვინ არის მოსამართლე, ვინც სააკაშვილის პატიმრობის გადავადების საქმეს განიხილავს

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა.

გიორგი არევაძე ის მოსამართლეა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა.

არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.

TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დკავშირებით გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ედავებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას).

აღნიშნული საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ბრალდების მხარემ რეპლიკების მოსამზადებლად რამდენიმე დღე ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მიზანშეწონილად მიიჩნია, იანვრის დღესასწაულების შემდგომი პერიოდისთვის გადაედო სხდომა.

„ახლა 1 დღით გადაწევა და კიდევ მეორე დღით გადაწევა იმას ნიშნავს, რომ სადღესასწაულო დღეები მე აქ უნდა გავატარო და თქვენ იმხიარულოთ, იზეიმოთ. ასე არ გამოვა. მაშინ რამდენიმე დღით უნდა გადავდო, თქვენ ყველამ უნდა იმხიარულოთ და მეც შეძლებისდაგვარად. მაქვს ამის უფლება”, — თქვა მაშინ მოსამართლე გიორგი არევაძემ და გადაწყვიტა, 11 იანვარს განაახლოს პროცესი.

საბოლოოდ, გიორგი არევაძემ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პატიმრობა არავის შეფარდებია.

ასევე გიორგი არევაძეს დაეწერა ნიკა გვარამიას საქმეც, თუმცა მოსამართლემ ეს საქმე თვითაცილებით ჩამოიშორა. მაშინ ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. საქმის აცილებამდე არევაძემ ნიკა გვარამია ერთ-ერთი სასამართლო სხდომიდან გააძევა, თუმცა გვარამია მომდევნო სხდომას განჩინების გასაჩივრების შემდეგ მაინც დაესწრო. სწორედ ამ სხდომდაზე არევაძემ ნიკა გვარამიას 500- ლარიანი ჯარიმა შეუფარდა სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებისთვის, სადაც ის მოსამართლეს „არაადეკვატურს“ უწოდებდა.

რაც შეეხება მოსამართლის კარიერას, გიორგი არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლიდან საქმიანობს. 2018 წლის ნოემბერში უფლებამოსილება მის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულებამდე გაუხანგრძლივდა. ამავე წელს არევაძე მონაწილეობას იღებდა მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კონკურსში, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მაშინ აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ მოხსნა არევაძემ საკუთარი კანდიდატურა.

მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორიგ არევაძე მაინც დაინიშნა უვადო მოსამართლედ. 2019 წლის 3 ივნისიდან არევაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე დაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქმე იმ სასამართლოს უნდა განეხილა, რომელმაც ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოიტანა:

„საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს. რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით 3-4 დღიდან 15 დღის ვადაში ხდება მასალების გამოთხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. კოდექსში წერია, რომ ეს საქმე უნდა განიხილოს იმ განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, რომელმაც ეს საქმე განიხილა. შესაბამისად, ამ პირნციპით მოხვდა გიორგი არევაძესთან“, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე „მთავარ არხთან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი