„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო ომში მხარედ უნდა დაფიქსირდეს.
„კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და გამიზნული იმისათვის, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. პირდაპირი მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს. მათ უნდათ, და ეს თქვა პირდაპირ კასიანოვმა, რომ საქართველო უნდა გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში ამ შემთხვევაში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში ვერ და არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება უკრაინისთვის გენერატორების გადაცემაზე დასმულ კითხვებს, მდინარაძის თქმით, ეს „მეასეხარისხოვანი“ თემაა და თუ ეს ჰუმანიტარულ მიზნებში ჯდება, გენერატორების გადაცემაში პრობლემას ვერ ხედავს.
„წარმოდგენა არ მაქვს, პირველად მესმის. თუ არის საშუალება და ჰუმანიტარულ მიზნებში ჯდება, კი ბატონო, პრობლემას ვერ ვხედავ. მეასეხარისხოვან თემაზე, რომ კითხვას მიტრიალებთ, რომელზეც გეუბნებით, რომ ინფორმაცია არ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტში მხარედ დაფიქსირება თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას და პრობლემას წარმოადგენს გენერატორი“,- მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, კიევმა თბილისს არაერთგზის სთხოვა სამხედრო დახმარება, თუმცა პასუხი არ მიუღია. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მწუხარება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით და გაიხსენა ფაქტები, როცა უკრაინა საქართველოს დაეხმარა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში.
ამასთან, მისი ცნობით, ერთი თვის წინ მიმართეს საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით, თუმცა პასუხი კვლავაც არ მიუღიათ.