საზოგადოება

საქართველოს 1 თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია – უკრაინა

6 დეკემბერი, 2022 • 2155
საქართველოს 1 თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია – უკრაინა

უკრაინის საელჩოს ცნობით, ერთი თვის წინ მიმართეს საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით, თუმცა პასუხი კვლავაც არ მიუღიათ.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში, გენერატორები და ტრანსფორმატორები, რათა უზრუნველყოს განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის, სკოლებისთვის.

ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და, სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – აცხადებს უკრაინის საელჩო 6 დეკემბერს.

კიევში, რომელიც პერიოდულად რუსული რაკეტებითა და დრონებით იბომბება, ყინვების დაწყების პარალელურად, გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აგროვებენ.

მიზეზი ისაა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

კრემლის მიზანია ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟი, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

ნეტგაზეთმა 29 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, იგეგმებოდა თუ არა უკრაინისთვის გენერატორების გადაცემა, თუმცა პასუხი ჯერაც ვერ მიიღო.

იგივე კითხვა 5 დეკემბერს დავუსვით თბილისის მერიას, როგორც კიევთან დაძმობილებული ქალაქი, თბილისი აპირებდა თუ არა ამგვარი მოწყობილობების გადაცემას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

მასალების გადაბეჭდვის წესი