უკრაინის საელჩოს განცხადებით, კიევმა თბილისს არაერთგზის სთხოვა სამხედრო დახმარება, თუმცა პასუხი არ მიუღია. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მწუხარება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით და გაიხსენა ფაქტები, როცა უკრაინა საქართველოს დაეხმარა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში.
“სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე”, — დასძინა ანდრიი კასიანოვმა.
მისივე თქმით, უკრაინა ყოველთვის გულწრფელი იყო თავის განზრახვებში.
“ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი, იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული(1993), ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება საქართველოს მთავრობას 2008 წელს.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან – რუსეთის ფედერაციისგან”, — აღნიშნა მან.
კასიანოვმა გაიხსენა აფხაზეთის ომის დასრულების პერიოდი, 1993 წლის 10-26 ოქტომბერი, როცა “სვანეთის მთებში გაიმართა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია ქართველი ლტოლვილების ევაკუაციის მიზნით”.
“მთლიანობაში, უკრაინელმა მფრინავებმა 17 ვერტმფრენით 291 გაფრენა განახორციელეს აფხაზურ-რუსული ჯარების ცეცხლის ქვეშ და ეთნიკური წმენდისგან გადაარჩინეს 7643 ადამიანი.
პარალელურად, სტიქიის ზონაში 487 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.) იქნა ჩატანილი. ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების სამმა il-76 თვითმფრინავმა კიოლნიდან თბილისში 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა”, — თქვა კასიანოვმა.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ახსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს, როცა:
“200-ზე მეტი უკრაინელი მოხალისე მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში;
უკრაინამ საქართველოს მიაწოდა 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა “ბუკი” და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რამაც გამოიწვია რუსული ავიაციის საჰაერო თავდასხმების შეწყვეტა ქართული არმიის პოზიციებზე;
2008 წლის 13 აგვისტოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის პრეზიდენტმა ვ. იუშჩენკომ მონაწილეობა მიიღო აქციაში “თავისუფალი საქართველოსთვის”, რომელსაც თბილისში ათასობით ადამიანი ესწრებოდა”.
მანვე ისაუბრა კონსპირაციაზე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით და თქვა:
“ამის ნაცვლად ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობებთან დაკავშირებით.
ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით”.