ახალი ამბები

„მე აქ წარმოვადგენ საქართველოს მოსახლეობის პოზიციას“ – რა თქვა ზურაბიშვილმა პოლონეთში

5 დეკემბერი, 2022 • 1166
„მე აქ წარმოვადგენ საქართველოს მოსახლეობის პოზიციას“ – რა თქვა ზურაბიშვილმა პოლონეთში

„საქართველო სოლიდარულია უკრაინის, იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტისას პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ურთულესი პერიოდია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს უძლებს და გაუძლებს.

„10 თვეა უკვე, რაც რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა სამხედროებმა და არამხოლოდ მათ, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისი ქვეყნის დაცვა, რომელიც საერთოდ არ იყო გამოწვეული.

უკრაინამ გვაჩვენა, რას ნიშნავს არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლების დაცვა, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის, რას ნიშნავს, როცა მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული. ამას ვამბობ ზოგადად და ასევე საქართველოსთვის, რომ უკრაინის მაგალითი არის, როცა ქვეყანა ერთიანია და პოლარიზაცია გვერდზეა გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთთან გვაპირისპირებს, მაშინ არის ქვეყანა ძლიერი და შეუძლია ყველაფერს გაუძლოს. მართლაც ყველაფერს უძლებს და გაუძლებს. გაუძლებს იმ ბირთვული იარაღის მუქარას, იმიტომ, რომ ერთიანია უკრაინა და იცის, რომ იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და სამართლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს, რომელმაც თავის სიტყვაში არაერთხელ გაუსვა ხაზი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არა პირად პოზიციას, არამედ ქართველი ხალხის პოზიციას გამოხატავს.

„საქართველო არის სოლიდარული უკრაინის, საქართველომ იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი 1921 წელს, 2008 წელსა და 1992 წელს გადაიხადა და იცის, რომ ჩვენი მომავალი არის ერთი. ამიტომ არის მთლიანი ქვეყნის პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინის სოლიდარული და არ შეიძლება, რომ მხარი არ დაუჭიროს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს ამ ომში ჩართვის პოტენციალი და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურად და სოციალურად[არ დავეხმაროთ]. მინდა მოგიწვიოთ და ნახოთ, საქართველოს ქუჩებში როგორ გამოიხატება მისი სოლიდარობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთიდან პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და აღნიშნა, რომ ქართველები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში თავიანთი ნებით და თავდადებით არიან ჩართული.

„ეს ბრძოლა არის ნამდვილად ისტორიული. როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და მოვა მოლაპარაკებების დრო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო საქართველოსთან, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მას, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე თავისი ძალები განალაგოს, ან ექსპანსიას და იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს.

ამ ომის შედეგი ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. ყველა უნდა გაუფრთხილდეს ყველა იმ დიდი თუ პატარა ქვეყნის გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ელემენტარული გარანტია, რასაც ჰქვია „ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და ამას შეეგუო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთშიც გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარების გამო უკრაინის მადლობელი უნდა იყოს.

„ისიც ვიცით, რომ არა უკრაინის ბრძოლა, ამგვარად არ იქნებოდა დაჩქარებული ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია და ამისთვის მართლაც ეკუთვნით მადლობის თქმა. ეს ნიშნავს, რომ ძველი ხედვის ნაშთი, რასაც გეოგრაფიული მიდგომა ერქვა, რომ საქართველო იყო თუ არა ევროპა, ეს დისკუსია დამთავრებულია და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპებზეც საქართველოს აქვს პოლონეთის მხარდაჭერის იმედი.

დუდა იმედოვნებს, რომ რუსეთი დამარცხდება და საქართველოსაც დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

მასალების გადაბეჭდვის წესი