ახალი ამბები

დუდა იმედოვნებს, რომ რუსეთი დამარცხდება და საქართველოსაც დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

5 დეკემბერი, 2022 • 600
დუდა იმედოვნებს, რომ რუსეთი დამარცხდება და საქართველოსაც დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ფედერაცია დამარცხდება უკრაინასთან ომში და არათუ უკრაინას, არამედ საქართველოსაც დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

პრეზიდენტმა დუდამ 5 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბომბვა, შეაქო უკრაინა ძლიერი წინააღმდეგობის გაწევის გამო და განაცხადა:

„რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას და, იმედი გვაქვს, რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რაც დაიპყრო – არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. მათ შორის ეს ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. იმედია, რუსეთი დამარცხდება და დააბრუნებს ამ ტერიტორიებს“.

პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო – იმ დროს, როდესაც, მისი სიტყვებით, „ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა“:

„ქ-ნ პრეზიდენტს უდიდესი მადლობა მსურს გადავუხადო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოსაზრებების დაფიქსირების გამო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქ-ნი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია და ხვდება, თუ რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსეთის აგრესია არა მარტო უკრაინისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვისა და საქართვლოსთვის… ამიტომ მადლიერი ვარ მისი, მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა“, – განაცხადა მან.

ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ პოლონური საზოგადოება და პოლონელები დიდ პატივს სცემენ საქართველოს და გაიხსენა პოლონეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ვიზიტი 2008 საქართველოში:

„ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორც იცავდა საქართველო 2008 წელს საკუთარ ტერიტორიებს. ჩვენი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, 2008 წელს საქართველოში ჩავიდა და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო, როდესაც თქვა, დღეს საქართველოს რიგია, ხვალ უკრაინისა, შემდეგ ბალტიის ქვეყნებისა და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება ამ აგრესიულ ისტორიაშიო“.

„პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, თუ არ გავაჩერებთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ ამ აგრესიას საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა, ის უფრო მასშტაბური გახდება“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გამო და განაცხადა: „ყველანაირ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, როგორც ჰუმანიტარულს, ისე სამხედროს, რადგან აუცილებელია, უკრაინამ ახლა დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან“.

პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და დახმარება აღუთქვა ამ გზაზე:

„ჩემი მხრიდან, როგორც პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან, [პრეზიდენტ ზურაბიშვილს] კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. იმედია, არცთუ დიდი ხნის შემდეგ, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და შევა ნატოში“.

მან საქართველოს ნატოში ინტეგრაციასუწოდა  „ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკითხი“ და თქვა, რომ „ეს საქართველოს შეუქმნის უფრო კარგ პირობას, რათა მან ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური უსაფრთხოება მოიპოვოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი