ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენს და აფხაზებს შორის ყრუ კედელი არ დგას – მალხაზ თორია

30 ოქტომბერი, 2022 • 1365
ჩვენს და აფხაზებს შორის ყრუ კედელი არ დგას – მალხაზ თორია

აქვს თუ არა საფუძველი თბილისის მიერ “მეორე ფრონტის” შესაძლო გახსნის შესახებ განწყობებს სოხუმსა და ცხინვალში და რა უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან საუბრობს ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია.


უკრაინის ომის კონტექსტში ხშირად ისმის მოსაზრებები, განსაკუთრებით, აფხაზურ და ოსურ მხარეებში, რომ თბილისი “მეორე ფრონტს” გახსნის. თქვენი აზრით, ამ განწყობებს საფუძველი თუ აქვს?

იმ დროს, როდესაც რუსეთი – აფხაზებისა და ოსებისთვის უსაფრთხოების გარანტორი- უკრაინაში ბრძოლის ველზე აგებს, ცხადია, ბევრს უჩნდება განცდა და ჩნდება ობიექტური მოცემულობაც, რომ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ჩვენს კონფლიქტებთან მიმართებაში – რომ რუსეთი დასუსტდება და აფხაზეთში ბრძოლით შევალთ და დავიბრუნებთ.

არის კი ეს მოსაზრება ქართულ საზოგადოებაში დომინანტური?

ცხადია, არ არის გაცხადებული ეს ასე ღიად, თუმცა გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვხედავ, რომ პირველი აზრი, რომელიც ჩნდება საზოგადოებაში, ეს არის შანსი, შენც დაბრუნდე სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო გზით. ამის მომხრეები, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან.

თუ უკრაინამ ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა დაიბრუნა, ამის პრეცედენტი შეიქმნება. პირველი პრეცედენტი კი ყარაბაღის ომით შეიქმნა, როდესაც თითქოს ასეთივე გაყინული კონფლიქტი საომარი გზით “მოგვარდა”. ისტორიული ანალოგი ხომ ზოგადად ძალიან მძლავრი მექანიზმია.

ჩვენში გამჯდარი ნარატივის საპირწონედ [ისევე როგორც აზერბაიჯანულ საზოგადოებაში არსებობდა, რომ ეს კონფლიქტი არ მოგვარდება], აზერბაიჯანმა თითქოს შექმნა პრეცედენტი. ცხადია, ამან პრეცედენტი შექმნა აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც, რომ თბილისიც იმავე სცენარს გაიმეორებს. ომმა უკრაინაში, სადაც მათი უსაფრთხოების გარანტორი მარცხდება და რომლის წინააღმდეგაც მთელი ცივილიზებული სამყაროა, ამ მოსაზრებას კიდევ უფრო მეტი სიმყარე შესძინა.
დღესდღეობით, ქართული საზოგადოებისთვის, რაც არ უნდა მიჩქმალული იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ეკონომიკური და სოციალური საკითხების მიღმა, შესაბამის მომენტშივე პირველ ადგილზე გადავა. ეს მოუგვარებელი პრობლემა ვერ დარჩება წარსულში.

მაგრამ, ამავე დროს, იქნებ ორივე საზოგადოებაში ადამიანები დაფიქრდნენ მშვიდობიან გამოსავალზე, დავფიქრდეთ, რომ ერთად გამოვძებნოთ გამოსავალი და ომი ავირიდოთ.

მით უმეტეს, ომი გამოვლილი აქვს ყველა მხარეს და უფრო გააზრებულია მისი შედეგები…

სამწუხაროდ, რამდენადაა გააზრებული და რამდენად ვიღებთ წარსულიდან გაკვეთილებს, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. მე პრობლემა მგონია ის, რომ გაკვეთილებს არ ვსწავლობთ. ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ზოგი კი- საკუთარ შეცდომებზეც არა. ჩვენი საზოგადოებებიც თითქოს ასე არიან, თუმცა მაინც მაქვს იმედი, რომ ომის გამოცდილება მის არიდებაში დაგვეხმარება.

ამისთვის კი საჭიროა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, მათ შორის დიალოგისთვის, რადგან არ ვფიქრობ, რომ აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ყრუ კედელი დგას. ჩვენ ერთმანეთთან ხომ მხოლოდ კონფლიქტის გამოცდილება არ გვაკავშირებს?! გვაქვს მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილება. ეს არ არის ენდემური კონფლიქტი და არ დაწყებულა ყოველდღიური ურთიერთობების დონეზე. ეს მოხდა იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ მოიტანა. პოზიტიური თანაცხოვრების გამოცდილება და მსგავსი კულტურული მახასიათებლები გვაახლოებს აფხაზებთან და ოსებთან. არსებობს პოტენციალი, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. მთავარი ისა, ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ესაა ჩიხი და უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, თუ ეს შესაძლებობა გაჩნდა და რუსეთის ფაქტორი შესუსტდა.

ამისთვის რა უნდა გააკეთონ მხარეებმა?

კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ორივე მხარის ​​ჩართულობით და მონაწილეობით უნდა მოხდეს. ცხადია, მოდელი იქნება მოსაფიქრებელი. იქნებ უკეთესი მოდელი მოვიფიქროთ დემოკრატიული და მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაარსებობისთვის, სადაც აფხაზური და ოსური ინტერესები იქნება წარმოდგენილი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში.

პირადად მე გამოსავალს ვერ ვხედავ იმაში, რომ სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ და ამით მოგვარდეს პრობლემა. მე მგონია, რომ ქართველების, ოსების და აფხაზების პოზიციები თაანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი და მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

ფაქტი ისაა, რომ ყველა მხარეს უნდა ნორმალური ცხოვრება და ეს 30 წელი გაყინული კონფლიქტისა და მთელი ეს მემკვიდრეობა გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის მათთვისაც და იმ ქართველებისთვისაც, ვინც გალში ცხოვრობს სოხუმის ზეწოლის ქვეშ და თბილისის ყურადღების მიღმა.

თუ რუსეთის ფაქტორი შესუსტდა, უნდა ჩაერთოს ევროკავშირი, სხვა მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული როლი შეასრულონ.

ანუ მაინც რუსეთის ფაქტორის შესუსტებას უნდა დაელოდოს საქართველო

სტატუს-კვოს შემთხვევშიც არის უამრავი შესაძლებლობა, რომ გვქონდეს დიალოგი და კავშირის სხვადასხვა საშუალება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. ეს არ არის ის კედელი, სადაც ჩიტი ვერ გადაფრინდება. როგორც უკვე გითხარით, არის არაფორმალური კავშირების ძალიან დიდი პოტენციალი.

მაგრამ არაფორმალური კავშირები დღეს არსებობს არასამთავრობოების დონეზე და არა სახელმწიფოს მხრიდან

გეთანხმებით, დღეს ნამდვილად არ ჩანს ეს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ თანმიმდევრულ პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებაში. თუმცა ქართულ საზოგადოებაში არიან კომპეტენტური პირები, არასამთავრობოებში, აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში, რომელთა თავმოყრისა და მათი ჩართულობით სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაში, რომელიც მუდმივად განახლებადი პროცესია, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეიძლება თუნდაც იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც გვაქვს.

პირველი არ ვიქნები, ვინც დადებითად აფასებს ჯანდაცვის პროგრამას. მსგავსი ინიციატივები, რომელსაც ადამიანის ყოფაზე აქვს გავლენა, ნამდვილად მისასალმებელია. მთავარია კონტაქტი და ურთიერთობა. აფხაზებსა და ოსებს თუ ვერ დაველაპარაკებით, ვერ შევალთ მათი გაგების ველში, თუ ჩვენ შორის ყრუ კედელი იქნება აღმართული და არ დავინტრესდებით, რა უნდათ მათ, არაფერი შეიცვლება.

ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ამ მიდგომებით ერთ დღეში შეიცვლიან მოსაზრებას, მაგრამ ფორმულასავითაა, რომ თუ მშვიდობა გვინდა, კონტაქტის გარეშე ეს ვერ მოხდება. ეს პროცესია, არ შეიძლება დასაწყისშივე სტატუსზე დავუწყოთ საუბარი. მთავარია კონტაქტი, ყველა ჭუჭრუტანიდან უნდა შევძვრეთ. დღეს უბრალოდ ტრავმულ გამოცდილებას ვუტრიალებთ და ეს არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას. ეს მრავალმხრივი პროცესია და საჭიროებს ადამიანურ, ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ რესურსებს.

თქვენი აზრით, უკვე ტრანსფორმირებულია კონფლიქტები თუნდაც რაღაც საკითხებში?

მე მაინც კრიტიკული ვიქნებოდი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გვაქვს თანმიმდევრული მიდგომა. რა არის მომავალი 5 წლის პერსპექტივა? ინდივიდებს არ ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ ინსტიტუციურ მიდგომებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს რა პოლიტიკასაც დავიწყებთ, ეს ხვალაც გაგრძელდება. ხელისუფლებაში სხვა გუნდი რომ მოვიდეს, ის სხვა სხვა პოლიტიკას გაატარებს, მერე ისევ სხვა მოვა და ა.შ. გამოსავალი არის საქმის სპეციალისტების ერთი საქმის გარშემო შემოკრება, რომლებიც კონცენტრირებულად იმუშავებენ კონფლიქტის საკითხებზე მრავალი მიმართულებით, ეს ძალისხმევები კი უნდა იყოს თანმიმდევრული და არ იცვლებოდეს პოლიტიკური კლიმატის შესაბამისად.

საქართველოს ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ყველა ახალ ინიციატივაზე თბილისის მხრიდან, იქ წინააღმდეგობა ხვდება, რაც რიგი საკითხებისა და შეთავაზებების “დაბლოკვას” იწვევს…

და რით ზომავენ ამას? ჩვენ უნდა ვისაუბროთ რეალურ პროცესებზე. ჩემთვის საპირისპირო ინფორმაციაც არის ცნობილი არაფორმალური წყაროებიდან, რომ საკმაოდ ღია და გახსნილები არიან აფხაზური საზოგადოების წარმომადგენელები არაფორმალურ დონეზე. რატომღაც ჩვენ თავად ვახდენთ აფხაზების მითოლოგიზაციას, რომ არაფერი უნდათ, დამოუკიდებლობის გარდა. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. როცა დაინახავენ მონდომებას და სიტუაციის გამოსასაწორებლად, პროცესების გამოსაცოცხლებლად გადადგმულ ნაბიჯებს თბილისის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, იქიდანაც შესაბამისი იქნება პასუხი.

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგი საოკუპაციო რეჟიმებთან ვერ ექნება. თუმცა აქვე მათ ოპონირებას უწევს ადგილობრივი კონფლიქტოლოგების ნაწილი და ამბობს, რომ ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ აირჩია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

​​ე.წ. დე ფაქტო მთავრობის და საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია პრინციპულად მცდარი ნაბიჯი მგონია. დევნილ ხალხს ისინი არ აურჩევია. ამ საზოგადოებას წართმეული აქვს ხმა. საზოგადოებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი სეგმენტი აფხაზეთის საზოგადოებისა. ეს მთავრობა არის ომის შედეგი. არ უნდა ვცდილობდეთ ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას. ეს არა მხოლოდ არაერთიკური – არასწორიცაა.

ქართული მხარის პოზიცია ამ შემთხვევაში მესმის – თუ თანასწორად აღიარე როგორც სახელმწიფო, სხვა რა პოლიტიკური ბერკეტი რჩება თბილისს. თუ ზემოქმედების ყველა ბერკეტი მოიხსნა, მაშინ ეს კონფლიქტი ბოლომდე მოუგვარებელი დარჩება.

რა ბერკეტების მოხსნას გულისხმობთ?

მაგალითად, გავხსნათ საზღვრები, ვაღიაროთ მათი პასპორტები. ეს ყველაფერი უნდა იყოს კომპრომისული. აფხაზებმაც უნდა დათმონ რამე. მაგალითად, მისცენ გალელებს მშობლიურ ენაზე სწავლისა და გადაადგილების უფლება.

ამ შემთხვევაში, რუსეთის, როგორც დიალოგისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, არ უნდა იყოს გათვალისწინებული?

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვეცადოთ. დღეს თუ ხვალ, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს, თუ გვექნება რეალური ნება კონფლიქტის ტრანსფორმაციისა. არ მგონია ,ამ პრობლემას რამე ეშველოს გულხელდაკრეფილი ჯდომით და სოხუმის დაცემის დღეს მხოლოდ იმის თქმით, რომ აფხაზეთი გვტკივა, აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიან და დავბრუნდებით. ყველაფერს მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.

ვინ უნდა იმუშაოს ამაზე?

ყველამ – აკადემიურმა წრემ, არასამთავრობოებმა, პოლიტიკოსებმა.

ერთი შეხედვით და შექმნილი სურათიდან გამომდინარე, ხელისუფლება ცდილობს არსებული “მშვიდობის” შენარჩუნებას, რომ უფრო მეტად არ დააზიანოს პროცესი და საკუთარი თავს ლეგიტიმაციას საფრთხე არ შეუქმნას

მესმის, შეიძლება ასეც იყოს და საკუთარი თავისთვის საქმის გართულება არ უნდოდეს და სტატუს -კვო აწყობს. ცხადია, ამ თემის აგორება და თამამი ნაბიჯები ბევრ პრობლემას წარმოშობს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, თუნდაც, არჩევნებზე. თუმცა, რაღაც რომ დაიძრას, რაღაც უნდა ამოვაყირაოთ.

მთავარი ფორმულა კი მაინც საზოგადოების დემოკრატიზაციაა. სწორედ ეს იქონიებს ყველაფერზე გავლენას და კონფლიქტის მოგვარების პერსეპქტივას გააჩენს. დროის გაყვანაზე და სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემხედვარე აფხაზები და ოსები როგორ უნდა დავარწმუნოთ დიალოგის აუცილებლობაში? შეხედეთ, ამდენი წლის განმავლობაში, დევნილების მდგომარეობაც არ შეცვლილა. ამ ყველაფერს აკვირდებიან აფხაზები და ოსები. შესაბამისად, ისინი ჯერჯერობით ვერ ხედავენ არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე და სახელმწიფო მზად არის ეფექტური ნაბიჯების გადასადგმელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი