ახალი ამბები

ენმ-ში შესაძლოა შიდა არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ

1 დეკემბერი, 2022 • 1139
ენმ-ში შესაძლოა შიდა არჩევნების გადადებაზე იმსჯელონ

შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდა არჩევნები გადაიდოს.

როგორც ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა და თუ ამის გამო საჭირო გახდება, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველაფერი არის და უნდა იყოს სწორედ ამაზე ორიენტირებული. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით საჭირო გახდა 1-2 დღით თუ უფრო დიდი ხნით ამ პროცესის გადაწევა, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ბოტკოველი კი ფიქრობს, რომ პარტიაში არჩევნები რაც შეიძლება სწრფად უნდა ჩატარდეს.

„ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე. რაც შეეხება არჩევნების გადადება/არგადადების საკითხს, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გავიაროთ ძალიან სწრაფად და მალე და წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. არ უნდა მოხდეს გაწელვა, რომ ამან უფრო მეტად არ დააზიანოს ეს პროცესი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ხატია დეკანოიძის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ყველასთვის მნიშვნელოვანია და პარტიაში არჩევნების გადადებაზე ისაუბრენენ.

„ყველასთვის მთავარი საკითხი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიცოცხლის გადარჩენა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ჩართული არიან უშუალოდ კამპანიაში. ვისაუბრებთ ერთმანეთთან, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქს და განსაკუთრებით ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი მუმლაძემ და ლევან ხაბეიშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი