ახალი ამბები

მშვიდობის სადღეგრძელოზეც ხომ არ გამოვაცხადოთ მორატორიუმი?! – კობახიძე

30 ნოემბერი, 2022 • 870
მშვიდობის სადღეგრძელოზეც ხომ არ გამოვაცხადოთ მორატორიუმი?! – კობახიძე

„საოცრებაა, რაც გუშინ მოვისმენთ. გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია?“, – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების ნაწილის კრიტიკას, რომელიც მოჰყვა ახალ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქს“.

კობახიძის თქმით, მათ, ვინც ამას აპროტესტებენ, არა სლოგანი, არამედ ქვეყანაში მშვიდობის არსებობა აღიზიანებთ.

„ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა სლოგანად გამოგაქვთ, ესეც კი აღიზიანებთ, როგორც ჯვარი აღიზიანებდათ. ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ. აქაც მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ ესენი არიან „ომის პარტია“. მათ ჰქონდათ და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ – საქართველოში ომი სურთ. აქედან გამომდინარე, ისინი ებრძვიან არა სლოგანს, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.

რა თქმა უნდა, ისინი ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან. საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის ის სურვილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე სპეკულაციები აბსოლუტურად სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება. ამავე წარწერას მერია თავისუფლების მოედანზე არსებულ ნაძვის ხესთან ამონტაჟებს.

სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. საბა ბუაძემ “ლელოდან” განაცხადა, რომ ეს მეგობარი ხალხის უბედურებაზე ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაა ქართული ოცნების მხრიდან.

30 ნოემბერს, 21:00 საათზე, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით აქციაც გაიმართება.

თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სლოგანის შეცვლის მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი