აფიშაახალი ამბებიკინო

რა ფილმები ვნახოთ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

30 ნოემბერი, 2022 • 2710
რა ფილმები ვნახოთ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

4 დეკემბერს გაიხსნება თბილისის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი. ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელს კვლავ უმასპინძლებს ამირანის კინოთეატრი. დაფინანსების გამო შექმნილი სირთულეების მიუხედავად, კინოფესტივალის წლევანდელი პროგრამა ინარჩუნებს მრავალფეროვნებას თავისი უცვლელი და ახალი სექციებით.

წელს მაყურებელს საშუალება ექნება, ფესტივალის ტრადიციულ სექციაში — „აპოლო: კინოს მეხსიერება“ — ნახოს პიერ პაოლო პაზოლინისა და სატიაჯიტ რეის ფილმები, რაც კინომოყვარულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთადერთი შესაძლებლობაა, ნახონ კინოკლასიკა დიდ ეკრანზე.

წლევანდელი ფესტივალის „რეჟისორი ფოკუსში“ იქნება აგნეშკა ჰოლანდი,  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება  ნახოს სხვადასხვა წლებში გადაღებული მისი ფილმები.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს „ქართულ პანორამას“. ეს ის სექციაა, რომელიც, როგორც ყოველ წელს, წლევანდელ კინოფესტივალზეც გამორჩეულად მრავალფეროვანია. სექციაში წარმოდგენილი იქნება დათა ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დიდი შესვენება”, რომელიც წელს შეირჩა საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ ფილმად. სექციის ფარგლებში, მრავალ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმთან ერთად, აჩვენებენ გიორგი ოვაშვილისა და დიტო ცინცაძის ახალ სურათებსაც.

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ვრცელი და მრავალფეროვანი პროგრამიდან შევეცადეთ, გამოგვერჩია 7 ფილმი:

1. მშვიდობით, ლეონორა  – Leonora Addio.  რეჟისორი – პაოლო ტავიანი.

9 დეკემბერი, 14:00. კინოთეატრი ამირანი, პირველი დარბაზი.

ძალიან მარტივად, ერთი სიტყვით შეიძლება დაიწეროს – „კინო“ და ამით დასრულდეს. თუ მაინც ვრცლად  ვიტყვით, პაოლო ტავიანის ფილმი „მშვიდობით ლეონორა“ არის დიდი გამოთხოვება, წარსულისა და  ტკივილის სევდიანი ამბავი, რომლის დიდ ეკრანზე ნახვა აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ფილმის კადრებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს თქვენს მეხსიერებასა და ცნობიერებაში.

სიურრეალისტურ-მისტიკური ნელი თხრობა, სიცილია, დაუვიწყარი სახეები, პირველ ყოვლისა, ლუიჯი პირანდელო და ნიკოლა პიოვანი, ტავიანების დიდი გზის ყველაზე ერთგული თანამგზავრები, შეჯამება და თანადროული გამოთხოვებაა გზისა, რომელიც ვიტორიო და პაოლო ტავიანიმ ერთად განვლეს. დღეს კი, უკვე მარტოდარჩენილი პაოლო ტავიანი, მთელ მათ შემოქმედებასთან ერთად, ეულად განაგრძობს ამ გზაზე სიარულს.

 2. ახლოს – Close . რეჟისორი – ლუკას დონტი.

10 დეკემბერი, 14:00. კინოთეატრი ამირანი, პირველი დარბაზი.

ლუკას დონტი იმ სიღრმეებში იჭრება, რომლებსაც  ძალიან ხშირად არ ვუფიქრდებით. სიახლოვეს, რომელსაც რეჟისორი და ოპერატორი პერსონაჟებთან იჭერენ, მაყურებელი იმ სამყაროში შეჰყავს, რომლის მიმართაც შეუძლებელია გულგრილი დარჩე.

„ახლოს“ არის ფილმი სიყვარულზე, მეგობრობასა და ტკივილზე, რომელიც თუ მეტად არა, ნაკლებად არ იჭრება ბავშვთა ცხოვრებაში.  მიუხედავად იმისა, რამდენად მარტივად შეიძლება ვუყურებდეთ მოზარდების განცდილ ტკივილებსა და დაბრკოლებებს, დონტის სურათი კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, გადავაფასოთ ჩვენი მიდგომები და ხედვები. რეჟისორისა და ოპერატორის იუველირული ნამუშევარი ძალიან ღრმად, ახლოს ჭვრეტს და გვანახებს სრულიად ზრდასრული, ყრმობის ასაკში მყოფი მოზარდების ცხოვრებას, განცდებსა და ტკივილებს.

3. ჩემი ოთახი – A Room of my own. რეჟისორი – სოსო ბლიაძე.

9 დეკემბერი, 19:00. 10 დეკემბერი, 12:00.  კინოთეატრი ამირანი, პირველი დარბაზი.

„კარლოვი-ვარის“, „კიოლნის“, „ბელფასტის“ და „ევროპულ“ კინოფესტივალებზე გამარჯვებების შემდეგ სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის შემდეგი გაჩერებაა თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. დიდი ხნის მოლოდინის, ინტერესისა და მრავალი საერთაშორისო წარმატების შემდეგ, მაყურებელს საბოლოოდ ექნება საშუალება,  დიდ ეკრანზე იხილოს „ჩემი ოთახი“.

პანდემიისას, დაფინანსების გარეშე გადაღებული უბიუჯეტო ფილმის სცენარი ეკუთვნით მთავარი როლის შემსრულებელ თაკი მუმლაძესა და ფილმის რეჟისორ სოსო ბლიაძეს. ორი განსხვავებული გოგოს თანაცხოვრების ამსახველი სურათი პირველ ყოვლისა აჩენს ახალი და თვითმყოფადი ხმის გაჟღერების მოლოდინს თანამედროვე ქართულ კინოში. ფილმის სათაურიც ხომ ირიბი თუ პირდაპირი ასოციაციაა ვირჯინია ვულფის საკვანძო ფემინისტური ტექსტისა „საკუთარი ოთახი“ (ინგლ. A Room of One’s Own).

4. ალკარასი – Alcarràs. რეჟისორი: კარლა სიმონი

5 დეკემბერი, 16:00 – კინოთეატრი ამირანი, პირველი დარბაზი.

„ალკარასი“ არის კატალონიურ ენაზე გადაღებული პირველი ფილმი, რომელმაც მოიპოვა ბერლინალეს მთავარი პრიზი – „ოქროს დათვი“.

კარლა სიმონის მიერ გადაღებული ფილმის მოქმედება ვითარდება კატალონიის სოფელ „ალკარასში“. ატმის პლანტაციებით სავსე ნაკვეთზე სახელმწიფოს მიერ მზის პანელების დადგმის მოთხოვნა წამოჭრის ძალიან მძიმე და მტკივნეულ საკითხებს, რომლებიც სცდება ცალმხრივობას და პლაკატურობას. განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი ატმის პლანტაციების მიღმა ნაჩვენები კატალონიური ოჯახის სრულიად თვითმყოფადი ყოველდღიურობა სურათს სძენს სრულიად სხვა მნიშვნელობას და სიღრმეს.

5. რიმინი – Rimini. რეჟისორი: ულრიხ ზაიდლი.

7 დეკემბერი, 21:00. კინოთეატრი ამირანი, პირველი დარბაზი.

ულრიხ ზაიდლის არცერთი სურათის გამოტოვება არ შეიძლება, მით უფრო, რომ თბილისის 23-ე კინოფესტივალზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს მისი წლევანდელი ორივე ფილმი („რიმინი”, „სპარტა”) და იმავდროულად, თავად რეჟისორთან კითხვები დასვას და აზრები გაცვალოს.

„რიმინის“ ტრეილერიდან და სინოფსისიდანვე ცხადი ხდება, რომ ის სრულად ზაიდლისეული სურათია, ავსტრიელი რეჟისორი არც საკუთარ თავს ღალატობს და არც ხელწერას. სევდის, ირონიისა და დაუნდობლობის შერწყმით, ზაიდლი ყველაზე ხალისიან იტალიურ ქალაქსაც კი ძალიან პირქუშად და სევდიანად აქცევს.

6. Love Life. რეჟისორი – კოჯი ფუკადა.

7 დეკემბერი, 12:00. კინოთეატრი ამირანი, მესამე დარბაზი.

სია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება აზიური სურათის გარეშე. ვენეციის ფესტივალზე შეუმჩნევლად დარჩენილი კოჯი ფუკადას ფილმი უბრუნდება ადამიანურ – ოჯახურ ტკივილებსა და ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სინოფსისში აღწერილი სიუჟეტი ბევრჯერ ნანახად მოგეჩვენოთ, ტრეილერიდანვე ცხადი ხდება, რომ ეს ის ფილმია, რომლისგანაც უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ გამოსახულებას და რეჟისორულ ნამუშევარს – ხელწერას.

7. სევდის სამკუთხედი – Triangle of Sadness. რეჟისორი – რუბენ ოსტლუნდი

11 დეკემბერი, 21:00 – კინოთეატრი ამირანი, პირველი დარბაზი

რუბენ ოსტლუნდის ფილმი წელს აღინიშნა კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმით”. ოსტლუნდი კი იმ მცირერიცხოვან რეჟისორთა რიგებში ჩაეწერა, რომლებსაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ორჯერ აქვთ მოპოვებული. ცხადია, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ დიდ ეკრანზე ნახოთ შვედი რეჟისორის ახალი ნამუშევარი. „სევდის სამკუთხედი“, მიუხედავად ოსტლუნდისთვის დამახასიათებელი დაუსრულებელი თხრობისა, საღამოს სეანსზე შესული მაყურებლისთვის იქნება კარგი გასართობი. ფილმის მეორე ნაწილში ვუდი ჰარელსონის 15 – წუთიანი გამოჩენა ნამდვილი სამსახიობო მასტერკლასია, რომლის გამოც ნამდვილად ღირს  ნახოთ შვედი რეჟისორის ახალი ფილმი, თუმცა სათუოა, ძალიან სწორხაზოვანმა ნამუშევარმა დიდხანს დაამახსოვროს მაყურებელს თავი.

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაიწყება I დეკემბერს, 15:00 საათზე, კინოთეატრის „ამირანი” სალაროში და ვებგვერდებზე: kinoafisha.ge, biletebi.ge, tkt.ge. ბილეთის ფასი იქნება 5 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი