ახალი ამბებიკინოხელოვნება

სოსო ბლიაძის ფილმი “ჩემი ოთახი” კიოლნის კინოფესტივალის გამარჯვებულია

1 ნოემბერი, 2022 • 3643
სოსო ბლიაძის ფილმი “ჩემი ოთახი” კიოლნის კინოფესტივალის გამარჯვებულია

სოსო ბლიაძის ფილმი “ჩემი ოთახი” კიოლნის კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა

სურათი ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოარჩია თოთხმეტი შერჩეული საკონკურსო ფილმიდან. წლევანდელ კონკურსში მონაწილე ფილმების რაოდენობა იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი კინოფესტივალის ისტორიაში.

პანდემიისას, დაფინანსების გარეშე გადაღებული ფილმისთვის “ჩემი ოთახი” კიოლნის ფესტივალზე მოპოვებული პრიზი რიგით მესამეა.

ფოტო © FFCGN

ფილმის პრემიერა შედგა ივლისში კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სადაც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი გადაეცათ თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს. ფესტივალის ისტორიის მანძილზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი მეორედ გაიყო.

ბათუმის  საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა ჟიურისგან დაიმსახურა სპეციალური აღნიშვნა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი გადაეცა მარიამ ხუნდაძეს.

“თინა, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ცხოვრების გზა დაკარგა, ქირაობს ოთახს ენერგიული და აქტიური მეგისგან. თინა არასოდეს ყოფილა მიჩვეული საკუთარ თავზე ზრუნვას და ახლაც მოთმინებით ელოდება, როდის შემოუერთდება თბილისში მისი მეგობარი ბიჭი ბექა. თუმცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის და თინა მეგის წყალობით იწყებს იმის აღმოჩენას, თუ როგორია, იყოს თავისუფალი და შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება მამაკაცებზე დამოკიდებულების გარეშე.” 

ასეთია, ფილმის სინოფსისი, რომლის სცენარის ავტორები არიან თაკი მუმლაძე და სოსო ბლიაძე. მართალია, საქართველოში ფილმის პრემიერა ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, თუმცა ფილმის მასშტაბური პრემიერა ჯერ არ გამართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი