ახალი ამბები

ხაჭაპურიძის აზრით, არსებულ სისტემაში უცხოელი ექიმის ჩამოყვანას აზრი არ აქვს

29 ნოემბერი, 2022 • 1060
ხაჭაპურიძის აზრით, არსებულ სისტემაში უცხოელი ექიმის ჩამოყვანას აზრი არ აქვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეხმაურება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შეთავაზებას უცხოელი ექიმის ჩამოყვანის თაობაზე.

„არ მჯერა, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს ნორმას არ ითვალისწინებს. გუშინწინდელი ექსპერტიზის დანიშვნისა არ იყოს, რომელი კანონით ხელმძღვანელობს ბატონი იუსტიციის მინისტრი, ჩემთვის გაუგებარია“, — განუცხადა ხაჭაპურიძემ „ფორმულას“.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

„ამ სისტემაში ვინ ექიმი უნდა ჩამოვუყვანოთ? მაშინ ახალი მრავალპროფილური კლინიკა უნდა ავაშენოთ, ახალი აპარატურა ჩამოვიტანოთ, დავაკალიბროთ ეს აპარატურა და ა.შ. პროცესებზე უამრავს მოისმენს ბატონი რატი სასამართლოებზე, რა ჯოჯოხეთურ მდგომარეობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა. ამას სჭირდება ჯადოსნური ჯოხი“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მისაღები აქვს სასამართლოს და არა — აღმასრულებელ ხელისუფლებას.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა „ემპათიის“ დასკვნაზე, რომელსაც დღეს გაეცნო. მისი თქმით, დიაგნოზებს ვერ გაახმაურებს, სანამ არ მიიღებს ნებართვას მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ოჯახისგან.

„მარტო მიხეილ სააკაშვილის ნებართვა უკვე აღარ არის საკმარისი. იქ დასმულია ერთი დიაგნოზი, რომელიც უკვე მარტო სააკაშვილის საკითხავი აღარ არის. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამის შესახებ მისმა ოჯახის წევრმა, დედამ… ამის გაჟღერებაზე ნებართვა უნდა მომცეს მან და ოჯახის წევრებმა“, — განუცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველს“.

ადვოკატები აპირებენ „ემპათიის“ დასკვნის სასამართლოში წარდგენას, კონფიდენციალობის დაცვით.

„იმედია, დასკვნის დეტალებზე ხვალ დილით პარლამენტარები არ დაიწყებენ საუბარს. როგორც კი ვინმე, სასამართლოს გარდა, ამ დიაგნოზებს გააჟღერებს, მივმართავ პროკურატურას“, — დასძინა შალვა ხაჭაპურიძემ.

ცენტრმა „ემპათიამ“ დაასრულა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა. „ემპათია“ ამბობს, რომ დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა არ ასახელებს კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე.

“ემპათია”: სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

მასალების გადაბეჭდვის წესი