ახალი ამბები

თუ გგონიათ, რომ ყველაფერი ტყუილია, პირადად შედით სააკაშვილთან – წითლიძე „ოცნებას“

29 ნოემბერი, 2022 • 1211
თუ გგონიათ, რომ ყველაფერი ტყუილია, პირადად შედით სააკაშვილთან – წითლიძე „ოცნებას“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ და საკუთარი თვალით დააკვირდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამის შესახებ წითლიძემ დღეს, 29 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაძლოა „სიმულაციას ჰქონდეს ადგილი“.

წითლიძის თქმით, ქვეყანა ისევ  სიძულვილისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ზღვარზეა.

„თქვენ [უმრავლესობის წევრებს] გაქვთ უფლება, არ მოგწონდეთ და მე ვერ მოგთხოვთ, გიყვარდეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება, მას წაართვათ ფუნდამენტური – სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ამ მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ აჰკიდოთ უბედურება და პრეზიდენტის მკვლელობის ცოდვა. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ამ ცოდვით ატაროთ თაობები ამ ქვეყანაში.

მე ვუსმენდი პრეზიდენტთან დაკავშირებით თქვენს განცხადებებს, სადაც ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულიანტობა. მინდა გითხრათ, შედით პირადად პრეზიდენტ სააკაშვილთან, თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, ნახეთ პირადად, დააკვირდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს და სინდისს, ხართ თუ არა მზად, პასუხისმგებლობა აიღეთ მის ჯანმრთელობაზე“, – მიმართა ანი წითლიძემ უმრავლესობის წევრებს.


28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

პროცესის გამართვამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მას სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა.

თუმცა, როგორც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმებმა მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი