ახალი ამბები

„ოცნება“ სახალხო დამცველობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს

28 ნოემბერი, 2022 • 716
„ოცნება“ სახალხო დამცველობის 8 კანდიდატზე გააგრძელებს კონსულტაციებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატიდან მხოლოდ 8-ზე გააგრძელებს კონსულტაციებს.

„სულ, მოგეხსენებათ, იყო 19 კანდიდატი, აქედან 3-მა მოხსნა კანდიდატურა, ერთი საერთოდ არ გამოცხადდა საქართველოს პარლამენტში.

ამ ადამიანებზე მსჯელობას, ბუნებრივია, არ და ვერ გავაგრძელებდით. დარჩენილი კანდიდატებიდან 7 მათგანთან დაკავშირებით გამოიკვეთა, რომ მათზე კონსულტაციების გაგრძელება არარელევანტურია და შეიძლება ითქვას, რომ თუკი არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, უმრავლესობის ჩათვლით, არ უჭერს მხარს რომელიმე კანდიდატს, ბუნებრივია, ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს.შესაბამისად, მათემატიკური დათვლითაც კი, რჩება 8 კანდიდატი, რომელზეც უმრავლესობა გააგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ეს კანდიდატები არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.

„დამატებით უნდა განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ ამ კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებია, მაგრამ გამორიცხვის ხსენებული მეთოდით მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ სხვა კანდიდატებზე კონსულტაციების გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს“, – დასძენს მამუკა მდინარაძე .


მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ევროკავშირის მოთხოვნაა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

სახალხო დამცველობისთვის განაცხადი 19-მა კანდიდატმა შეიტანა. მათი მოსმენა პარლამენტმა 24 ოქტომბერს დაიწყო.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

დეოლიგარქიზაცია, სააკაშვილი, პრაიდი და სხვა — ომბუდსმენობის კანდიდატთა მოსაზრებები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი