ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ჟურნალისტები მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე აცხადებენ

25 ნოემბერი, 2022 • 1959
აფხაზეთში ჟურნალისტები მედიაზე ზეწოლის ფაქტებზე აცხადებენ

აფხაზეთში ჟურნალისტების კავშირი აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ დროს აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებების მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევის გახშირებული ფაქტების გამო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები შეუსაბამობაში მოდის მედიის შესახებ ადგილობრივ კანონთან, რადგან კანონმდებლობით, ცენზურა აფხაზეთში დაუშვებელია.

განცხადებაში მაგალითად არის მოყვანილი 2022 წლის 23 ნოემბრის ფაქტი, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების შეკრებაზე სახელმწიფო მედიასაშუალებების ჟურნალისტები გასაშუქებლად არ მივიდნენ.

“სანდო წყაროებით ცნობილი გახდა, რომ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა რედაქციებმა მიიღეს მითითება, არ დაესწრონ და არ გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება. აღნიშნული ფაქტი ზღუდავს არა მხოლოდ რედაქციების საქმიანობას, ასევე, არღვევს მოქალაქეების კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, მიიღონ ოპერატიული და სანდო ინფორმაცია”, – წერია ჟურნალისტთა კავშირის განცხადებაში.

აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი ოფიციალურად მიმართავს დე ფაქტო პრეზიდენტს, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერს და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ გამოიკვლიონ კანონდარღვევის ფაქტი.

“სიტყვის თავისუფლება დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული მონაპოვარია, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული და ვერც ერთ გარემოებაში იქნება დაშვებული მოქალაქეების, ჟურნალისტების და მედიარედაქციების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი