ახალი ამბებიეკონომიკა

პერუში ექსპორტი 914%-ით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო იქ

24 ნოემბერი, 2022 • 15222
პერუში ექსპორტი 914%-ით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო იქ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პერუში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 2022 წლის პირველ 10 თვეში 913.9 პროცენტით გაიზარდა.

ექსპორტის მოცულობამ, ჯამში, თითქმის 118 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობის არცთუ ისე მცირე, 3.8 პროცენტია.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებიდან ირკვევა, რომ პერუში გატანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ამონიუმის ნიტრატის სასუქზე მოდის, რაც, ჯამში, 114 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

გასულ წელს სამხრეთამერიკულ ქვეყანაში ქართული სასუქი საერთოდ არ გადიოდა.

გარდა ამისა, პერუში საქართველოდან გავიდა 3.7 მილიონის თევზის ქონი და ცხიმი და მცირე რაოდენობით მინის ნაწარმი.


საქსტატის მიხედვით, 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიარდ 546 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 104.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

გარდა ექსპორტის ზრდისა, ასევე იზრდება იმპორტიც, რაც, ჯამში, სავაჭრო დეფიციტს აღრმავებს.

სავაჭრო დეფიციტი $1.5 მილიარდით გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი