ახალი ამბები

ყურადღებით ვადევნებთ თვალს, არის კითხვები – შარლ მიშელის კაბინეტი გვარამიას საქმეზე

24 ნოემბერი, 2022 •
ყურადღებით ვადევნებთ თვალს, არის კითხვები – შარლ მიშელის კაბინეტი გვარამიას საქმეზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის თანახმად, ყურადღებით ადევნებს თვალს ნიკა გვარამიას საქმეს.

„ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარებს ცალკეული სასამართლო საქმეების შინაარსზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ბ-ნი გვარამიას საქმეზე სასამართლოს დასაბუთების შესახებ, – როგორც გამამტყუნებელი განაჩენის, ისე სასჯელის კუთხით, – დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან“, – ვკითხულობთ წერილში.

„ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული, გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად“, – წერს შარლ მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელი, ფრედერიკ ბერნარდი.

მისი თქმითვე, ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინონ „სასამართლო სისტემის ინკლუზიურად და ყოვლისმომცველად რეფორმირება“, – რაც ასევე იყო 2021 წლის 11 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

„გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში, არის საქართველოს მიერ თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაძლიერება, – და ძალისხმევის გაძლიერება განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“, – ვკითხულობთ წერილში.

„ევროკავშირი გააგრძელებს [საქმის] განვითარებასა და მართლმსაჯულების რეფორმაზე ყურადღებით დაკვირვებას და მზადყოფნას გამოხატავს, მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რათა საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებები შესრულდეს“, – წერს ფრედერიკ ბერნანდი.

შარლ მიშელის კაბინეტისგან 23 ნოემბერს მიღებული წერილი „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ გამოაქვეყნა. ეს საპასუხო წერილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შარლ მიშელისთვის 7 ნოემბერს გაგზავნილ შეტყობინებაზე.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი