ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი იმნაიშვილი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ტელეარხს ტოვებს.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს, ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას“, – დაწერა მან 24 ნოემბერს ფეისბუკზე.
„როდესაც „რუსთავი 2“ ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია“, – წერს იგი.
ირაკლი იმნაიშვილი 2000-ანი წლების დასაწყისში ტელეკომპანია „მზეში” მუშაობდა, მოგვიანებით კი – „რუსთავი 2-ში.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2005 წელს, მისი გადაცემა დახურეს, რის შემდეგაც დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად.
ირაკლი იმნაიშვილი „რუსთავი 2-ში“ მას შემდეგ დაბრუნდა და აღმასრულებელი დირექტორი გახდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეარხი ერთ-ერთ ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.
გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შემდეგ ტელეარხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანები – ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია – და გენ.დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილი.
მფლობელის ცვლილების შემდეგ ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ნაწილი „რუსთავი 2-ში“ დარჩა, ნაწილისგან დაკომპლექტდა ორი ახლად დაარსებული ტელევიზია – „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.