ახალი ამბები

ენმ-ში არანაირი გაყოფა არ იქნება, ვინც ამას დაარღვევს, ის იქნება უპრინციპო — ხაბეიშვილი

21 ნოემბერი, 2022 •
ენმ-ში არანაირი გაყოფა არ იქნება, ვინც ამას დაარღვევს, ის იქნება უპრინციპო — ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, აცხადებს, რომ შიდა არჩევნების შემდეგ პარტიის გაყოფის საფრთხე არ არსებობს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში 20 ნოემბერს ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიის გაყოფაზე ყურადღების გამახვილება სწორი საქციელი არ იქნება.

ხაბეიშვილის თქმით, თუ ენმ-ის თავმჯდომარე ვერ გახდება, მზადაა, რომ პარტიაში დარჩეს.

„ნაციონალური მოძრაობაში“ არავითარ შემთხვევაში არანაირი დაყოფა და გაყოფა არ იქნება. ვინც ამას დაარღვევს, ის იქნება უპრინციპო და უპირო ადამიანი გენერალური ბრძოლის წინ. ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან ეს არის გამორიცხული იმიტომ, რომ მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც თავმჯდომარე ვარ, არც თანამდებობა მქონია… მიბრძოლია და მიომია როგორც დამკვირვებელს, როგორც კომისიის წევრს…

მინდა, ნიკასაც საჯაროდ მივმართო. მე არ მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მოტივაცია ეს იყოს. თუ ჩათვლის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ. თუ იმარჯვებს ნიკა მელია, მე მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობას“ ვემსახურო ზუსტად ისევე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. მათ შორის, თუ ნიკას დაჭირდება და ის იქნება არჩეული თავმჯდომარე, მე მზად ვარ, რომ ვიმუშაო მასთან. მას არ დასჭირდება ეს? მე დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს დაჭირდებათ ხაბეიშვილის აქტივობა“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი მუმლაძემ და ლევან ხაბეიშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი