ახალი ამბები

ზარქუამ ამერიკელ სენატორს ჟურნალისტებთან “ჩათლახი” უწოდა

17 ნოემბერი, 2022 • 1068
ზარქუამ ამერიკელ სენატორს ჟურნალისტებთან “ჩათლახი” უწოდა

„ჩათლახი“ — ამ რეპლიკით გაჭრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვა სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გამოთქმული კრიტიკის შესახებ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი დეპუტატს უსვამდა კითხვას სენატორის განცხადებაზე: „ჯინ შაჰინი, რომელიც გამოირჩეოდა…“, რა დროსაც ზარქუამ გააწყვეტინა რეპლიკით „ჩათლახი“.

ამ დიალოგის ამსხველი ვიდეომასალა ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა პარლამენტის პრესსამსახურს და ცდილობს ზარქუას განმარტების მოპოვებასაც.

თავის კომენტარში მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „სისულელე“ და „შტერობა“ უწოდა მოსაზრებას საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე.

ზარქუას თქმით, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც „დანიშნული ჩინოვნიკია“ და „არ არის გარკვეული ჯგუფის მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები და გრეგოროვები“, ამბობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმები სახეზეა.

„ამის შემდეგ ვინც იტყვის, რომ გადახვევაა… სისულელეა, შტერობაა. ჯინ შაჰინმა რატომ უნდა გადახედოს ჩვენს პარტნიორობას?“, — კითხულობს ზარქუა.

დეპუტატის თქმით, აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა სწორედ ასეთი არასწორი მიდგომებისა და სტრატეგიის გამო დაკარგეს.

„შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკით, სტრატეგიით… ამიტომაცაა, რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. ასეთი არასწორი, არასამართლიანი მიდგომებით“, — განაცხადა ზარქუამ.

აშშ-ის შუალედური არჩევნები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის შუაში და, როგორც წესი, პარტია, რომელსაც პრეზიდენტი წარმოადგენს, მანდატების გარკვეულ რაოდენობას კარგავს. წლევანდელ შუალედურ არჩევნებზე არ გამართლდა ე.წ. „წითელი ტალღის“ მოლოდინი, რომ რესპუბლიკური პარტია საკანონმდებლო ორგანოში დამაჯერებელ უპირატესობას მოიპოვებდა. დემოკრატებმა დაკარგეს უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, თუმცა შეინარჩუნეს კონტროლი კონგრესის ზედა პალატაზე — სენატზე. დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში იმაზე ნაკლები ადგილი დაკარგეს, ვიდრე ნებისმიერმა დემოკრატმა პრეზიდენტმა პირველ ვადაში, ბოლო 40 წლის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი