ახალი ამბები

პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინის რაკეტა, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი — სტოლტენბერგი

16 ნოემბერი, 2022 • 1230
პოლონეთში ჩამოვარდა უკრაინის რაკეტა, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი — სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლონეთში, სავარაუდოდ, უკრაინის მიერ გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ეს არ არის უკრაინის ბრალი და პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

15 ნოემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, დრონები: 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ ჩამოაგდო. პოლონეთის და მისი მოკავშირეების ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) სისტემა სწორედ რუსეთის სარაკეტო იერიშს იგერიებდა, რა დროსაც, „სამწუხარო უბედური შემთხვევის“ შედეგად, უკრაინის მიერ გასროლილი საბჭოთა წარმოების S-300 ჰსთ რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის ჰსთ-ის მიერ იერიშის მოგერიებისას რაკეტა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ოქტომბრის ბოლოს მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან მდებარე ნასლავჩას დასახლებასთან ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა შენობების ფანჯრები.

15 ნოემბრის ღამით პოლონეთში (რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა), უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქების გამო პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს.

ნატომ პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ

„გუშინდელი აფეთქება [პოლონეთში] მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მასიურ ტალღას. ამ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ უნდა დაველოდოთ მის შედეგს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი. ასევე, არ გვაქვს მინიშნება, რომ რუსეთი ამზადებს შეტევით სამხედრო მოქმედებებს ნატო-ს წინააღმდეგ. ჩვენი წინასწარი ანალიზი ვარაუდობს, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით, რომელიც გასროლილი იქნა რუსული საკრუიზო რაკეტებისგან უკრაინის ტერიტორიის დასაცავად. მაგრამ ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა — ეს უკრაინის ბრალი არ არის. რუსეთს ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს მოკავშირეებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა გამო, სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის უფლებაში.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს უაზრო ომი“, — დასძინა მან.

სტოლტენბერგის თქმით, სარაკეტო ინციდენტის შემდეგ ნატოს მთავარ პრიორიტეტად რჩება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, ასევე, თქვა, რომ პოლონეთში, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა ჩამოვარდა.

მანამდე უკრაინამ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებაში რუსეთი დაადანაშაულმა. მოსკოვმა ბრალდება უარყო და პროვოკაცია უწოდა.

უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი