ავტორი: დავით ჯიშკარიანი, მკვლევარი
ძველი რომაული გამონათქვამი არსებობს – еmроrа mutantur et nos mutamur in illis – დრო იცვლება და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთად. დროის აღქმა, ეპოქების, საერთაშორისო ურთიერთობათ სისტემების ცვლილება მსოფლიო ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტზე მოქმედებს. ამ ცვლილებების მიღმა არც სამხრეთ კავკასია დარჩენილა.
დროის ცვლილებასთან ერთდ აფხაზეთისა და საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალურად განსხვავებულია. ის აღარაა საბჭოთა კავშირში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკა და არც საქართველოა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ორივე მხარე აღიარებს, რომ დრო შეიცვალა, თუმცა აღიარება იმისა, რომ ჩვენც შევიცვალეთ და, შესაბამისად, პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს ერთმანეთის მიმართ, ჯერ განუხორციელებელია.
1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთში ყველაზე აქტიური სამხედრო მოქმედებების ფაზა დასრულდა, მის მერე კი 30 წელი გავიდა. მოდით, ავიღოთ დროის ეს მონაკვეთი და უცებ მოვახდინოთ იმ მოვლენებისა და პოლიტიკურ ცვლილებების შედარება, რომელიც აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში მოხდა. ეს ერთ სარკეში ჩახედვას ჰგავს, სადაც ორი აჩრდილი გამოჩნდება. ეს ვერ იქნება სრული სურათი, მაგრამ იმაზე ფიქრში კი შეგვეშველება, რომ არსებულ მდგომარეობაზე ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას.
27 სექტემბერს საქართველოში, როგორც სოხუმის დაცემის დღეს, ისე იხსენებენ. ომში გარდაცვლილთა მემორიალთან იკრიბებიან პოლიტიკოსები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ჩვეულებრივი მოქალაქეები. იგივე ხდება აფხაზეთშიც, ომში მემორიალთან ბევრი ხალხი ირევა, ოღონდ ეს საზეიმო თარიღია, ამ დღეს აფხაზური მეხსიერების პოლიტიკა აღნიშნავს ქართველი ოკუპანტებისაგან სოხუმის გათავისუფლებას.
საქართველოში ამ ომში მონაწილეები აღიქმებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებად, აფხაზეთში კი აფხაზი მეომრები აფხაზი ერის სამამულო ომის გმირები არიან, რომლებმაც რიცხობრივად მეტ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება.
ომის შემდგომ ათასობით ეთნიკური ქართველი, რომელიც იძულებული იყო, საკუთარი საცხოვრებელი სივრცე დაეტოვებინა, საქართველოში იძულებით ადგილმონაცვლე პირებად მიიჩნევა. აფხაზეთში მათზე არ საუბრობენ, მათ კერძო საკუთრებას კი ომში დარჩენილ ალაფად მიიჩნევენ, რომელიც ომის წესების შესაბამისად გადანაწილდა – ზოგს მეტი ერგო, ზოგს ნაკლები და ზოგს არაფერი.
1995 წელს საქართველოში კონსტიტუცია მიიღეს, სადაც აფხაზეთი მისი ტერიტორიის ნაწილადაა მიჩნეული, ამავე კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და აღმსარებლობისა, შეუძლია ქვეყნის მმართველი გახდეს. 1997 წლის აფხაზეთის კონსტიტუციით კი, აფხაზეთის პრეზიდენტი მხოლოდ ეთნიკური აფხაზი შეიძლება იყოს.
1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა. 2000 წელს რუსეთმა ოფიციალურად მოუხსნა ემბარგო აფხაზებს და თავისუფალი მიმოსვლის უფლება მისცა. აფხაზეთში დაიწყო რუსული პასპორტების დარიგების პროცესი. საქართველომ განსხვავებული ინტენსივობით, პრობლემებით და პოლიტიკური ბრძოლების მიუხედავად გააგრძელა ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი.
2016 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს მოქალაქის პასპორტით ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში გადაადგილება ვიზის გარეშე გახდა შესაძლებელი. რუსული პასპორტებით, რომელივ აფხაზეთშია გაცემული, ევროპაში მიმოსვლა რთული, ხშირად კი, შეუძლებელიცაა. აფხაზები რუსეთში უვიზოდ გადადგილდებიან, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება სჭირდებათ, რომელიც ასევე დიდ პრობლემებთან და წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული.
2000 წელს გარდაიცვალა ვლადისლავ არძინბა, რომელიც ეროვნულ გმირად, აფხაზეთში დამოუკიდებლობისთის მებრძოლ რაინდად და ერის მამადაა მიჩნეული. მის შემდეგ აფხაზეთის ყველა პრეზიდენტი საბჭოთა ნომენკლატურა გამოვლილი კადრია. 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. ახალი პოლიტიკური ელიტის მთავარი დეკლარირებული (პრაქტიკაში ეს როგორ მუშაობდა, ცალკე განსჯის საკითხია) მიზანი კი საბჭოთა ნომენკლატურისგან დისტანცირება იყო. საქართველოში ახალი პოლიტიკური ჯგუფები გამოჩნდნენ, აფხაზეთში კი თაობათა ცვლა მხოლოდ ახლა მიმდინარეობს.
2008 წელს რუსეთ საქართველოს 5- დღიანმა ომმა საქართველოს მდგომარეობა მეტად გაართულა. აფხაზებმა ამ ომის დროს კოდორის ხეობაზე კონტროლი დაამყარეს და მაშინდელ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის უმთავრეს მიღწევად მიიჩნევენ აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. საქართველო ამ აქტს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციად მიიჩნევს რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ომის შემდეგ აქ ოფიციალურად განთავსდნენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები.
ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკური ელიტის ცვლილება. სხვადასხვა საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან კადრები, რომლებსაც სამუშაო გამოცდილების დიდი ნაწილი რუსეთის სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოებში აქვთ დაგროვებული. აფხაზური კანონმდებლობა რუსულ კანონმდებლობასთან მოდის ჰარმონიაში, საქართველოს კანონმდებლობა – ევროპულთან.
2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სამხედრო შენაერთი აფხაზეთიდან რუსების მხარეს იბრძვის, ხოლო ქართველები- უკრაინის. ორივე მხარეს განსხვავებული მოტივაცია და ხედვა აქვს ომში მონაწილეობის.
1992-1993 წლების ომიდან 30 წლის მერე ორივე მხარე განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ცინიკურები თუ ვიქნებით, შემდეგ სურათს მივიღებთ სარკეში. ვიზუალურად ორი, ერთმანეთის მსგავსი არსება იყურება სარკეში. ორივე კუდაბზიკა და ამპარტავანია. რაციონალიზმი ორივეს აკლია. ერთი დამარცხებულია, ხოლო მეორე- გამარჯვებული. ერთი დამარცხებული პერსპექტივიდან იწყებს სიტუაციის გააზრებას, მეორე – გამარჯვებულის. დამარცხებული ეკონომიკურად უფრო ძლიერია, ინსტიტუციურად უფრო გამართული. გამარჯვებული ეკონომიკურად უფრო სუსტია, ინსტიტუციურად გაუმართავი და თან დამარცხებულის ეშინია, ღამე სადმე კუთხეში არ მოიმწყვდიოს მარტო, თუმცა ამ შიშს არ აღიარებს. დამარცხებული არ აღიარებს, რომ გამარჯვებულმა დაამარცხა და ამიტომ მიზეზებს სხვაგან ეძებს. ორივე ერთ სარკეში იყურებიან, ოღონდ სხვადასხვა ამბავს ხედავენ და ერთმანეთის არსებობას უგულებელყოფენ.
რომაული ანდაზა აქ სხვანაირად მუშაობს, დრო შეიცვალა, ობიექტურად ორივე მხარე შეიცვალა, მაგრამ რიტორიკა ერთმანეთის მიმართ არ შეცვლილა.