ახალი ამბები

ჯანეზაშვილს ჩვენგან მხარდაჭერის მიღების თეორიული შანსიც არ აქვს – “ოცნება”

15 ნოემბერი, 2022 • 460
ჯანეზაშვილს ჩვენგან მხარდაჭერის მიღების თეორიული შანსიც არ აქვს – “ოცნება”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენობის საერთო კანდიდატზე ოპოზიციასთან შეთანხმება თეორიულად შესაძლებელია, თუ ოპონენტები ულტიმატუმის ენით არ დაიწყებენ საუბარს.

მდინარაძის თქმით, ერთადერთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზევე გამორიცხავს შეთანხმებას, ნაზი ჯანეზაშვილია, რომელიც პარლამენტში მოსმენაზე არ გამოცხადდა:

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ, რომ საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ, მაგრამ, თუ საუბარი იქნება, რომ იმაზე შევთანხმდეთ, ვინც არ მოვიდა [მოსმენაზე], მაგალითად, ნაზი ჯანეზაშვილი — ეს შემიძლია ახლავე გამოვრიცხო.

თუ მათი დაყენებული სამი კანდიდატიდან ვიტყვით, რომ თეორიული შანსი აქვს ორს, რომ შევთანხმდეთ… მესამეს თეორიული შანსიც არ აქვს იმიტომ, რომ უბრალოდ საქართველოს პარლამენტში არც კი მოვიდა. აქ შეგვიძლია გამორიცხვა, მაგრამ თუ კიდევ გაგრძელდება მსგავსი ულტიმატუმებით საუბარი, რომ მაინცდამაინც ეს ადამიანი უნდა შევარჩიოთ, ჩიხში შევალთ“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ნაზი ჯანეზაშვილი ერთ-ერთია იმ სამ კანდიდატს შორის, რომელიც სახალხო დამცველის პოსტზე შესარჩევად პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. 4 ნოემბერს ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მოსმენაზე არ მივიდოდა, თუმცა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ გეგმავდა.

ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტების მოთხოვნა იმის გამო, რომ წარსულში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აქვთ გაკეთებული, გასაუბრებების საფუძველზე კანდიდატების შერჩევას არ ემსახურება.

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის რეგლამენტით სავალდებულო არ არის გასაუბრებაზე გასვლა.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსში სულ 19 კანდიდატი მონაწილეობს. პარლამენტის კომიტეტზე მოსმენამდა კანდიდატები შეფასების სამუშაო ჯგუფმა  შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა. როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე) მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი