შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი 19 პირი შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა.
კომისიის მიერ დაწერილ შეფასებებს საქართველოს პარლამენტი აქვეყნებს.
9 წევრისაგან შემდგარმა კომისიამ კანდიდატობის მსურველები შემდეგი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა: კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია; მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა); პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.
კომისიის წევრებს თითოეულ კრიტერიუმში 0-და 10 ქულამდე შეფასების დაწერა შეეძლოთ. შესაბამისად, მაქსიმალური ქულა, რომელიც კანდიდატად წარდგენის მსურველს შეეძლო მიეღო – 360 იყო.
როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მიიღეს.
შეფასების კომისიის მიერ დაწერილი ქულები კი ასე გამოიყურება:
1. ანა აბაშიძე – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“(PHR) ხელმძღვანელი – 321 ქულა
2. ნაზი ჯანეზაშვილი– „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი – 288 ქულა
3. ნუგზარ კოხრეიძე – „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე – 237 ქულა.
4.გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე – 231 ქულა
5.სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – 223 ქულა
6.მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი – 221 ქულა
7. თინათინ ერქვანია – GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი – 221 ქულა
8. გიორგი მარიამიძე – „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი – 171 ქულა
9.ლელა გაფრინდაშვილი – „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი – 166 ქულა
10. ქეთევან ჩაჩავა – „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი – 154 ქულა
11. სოფიო დემეტრაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – 152 ქულა
12. ნიკოლოზ ნიკოლაძე – საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი – 105 ქულა
13. ალექსანდრე კობაიძე – „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე – 78 ქულა
14. იაგო ხვიჩია – საქართველოს პარლამენტის წევრი – 62 ქულა
15.ჯემალ ნათელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – 56 ქულა
16.გიორგი ცობეხია – საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი – 53 ქულა
17. ლევან კოკორაშვილი – ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე – 53 ქულა
18. მაკა მინდიაშვილი –„ხალხის ხმის“ დამფუძნებელი – 17 ქულა
19.ევგენია თავაძე – დროებით უმუშევარი – 4 ქულა
კომისიის შეფასებების შემდეგ, ახლა პარლამენტში წარმოდგენილმა სუბიექტებმა მინიმუმ 7 კანდიდატი საკანონმდელბლო ორგანოს ასარჩევად უნდა წარუდგინონ.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.
31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. თუმცა, მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.