ახალი ამბები

ეპისკოპოსის თქმით, ძვირადღირებული Land Cruiser მრევლმა აჩუქა

15 ნოემბერი, 2022 • 1519
ეპისკოპოსის თქმით, ძვირადღირებული Land Cruiser მრევლმა აჩუქა

დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებით, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ახალი ავტომანქანა Land Cruiser 300 ჰყავს, რომლის ღირებულებაც 120 000 დოლარია.

თავად ეპისკოპოსის თქმით, ახალი მანქანა მას მრევლმა აჩუქა, რადგან ბანას სამონასტრო კომპლექსის პროექტში ჩართულობით “ქართულ საქმეს ემსახურება”. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” საუბარში განაცხადა.

ილია ჭიღლაძემ აღნიშნული ინფორმაცია გუშინ, 14 ნოემბერს გაავრცელა:

“მის ყოვლადუსმღვდელოესობას, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონ ცაკაშვილს გულითადად ვულოცავ 120 000 $ ღირებული “ლენდკრუიზერ 300″ – 2022 – ის ყიდვას”, – წერდა ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

ეპისკოპოს სვიმეონის განცხადებით, მრევლმა მას აღნიშნული ავტომობილი “ბანას პროექტთან” დაკავშირებით მისი შესრულებული საქმიანობის გამო აჩუქა, რადგან წირვაზე ან დღესასწაულზე მიმავალი “მრავალგზის დარჩა გზაში”:

“მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს – მე მათდამი და მათ ჩემდამი. უარს ვამბობდი. ახლა მოხდა ისე, რომ მრევლმა გადაწყვიტა. წირვაზე მივდიოდი – მრავალგზის გზაში დავრჩი, დღესასწაული იყო – გზაში დავრჩით. მოკლედ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ გეტყვით. მრევლმა გადაწყვიტა, არაერთმა, რომ ამ დიდი საქმისთვის, ბანასთვის, ამხელა საქმეს და ქართულ საქმეს ვემსახურები, ამ ქართული საქმისთვის მომიყვანეს ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ამხელა საქმეს ნორმალურად ვემსახურო”, – განაცხადა ეპისკოპოსმა სვიმეონმა ტელეკომპანია “მთავარ არხთან”.

“ნეტგაზეთი” ეპისკოპოსს აღნიშნული კომენტარის ეთერში გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მრევლმა ავტომანქანა არა პირადად მას, არამედ ბანას სამონასტრო კომპლექსს აჩუქა და ამით გამოხატა სიყვარული მის მიმართ:

“ბევრი ადამიანი გაერთიანდა და ერთად, მე კი არ მაჩუქეს, აჩუქეს ამ დიდ საქმეს [ბანას სამონასტრო კომპლექსს]”, – აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, ავტომანქანა ნამდვილად Land Cruiser 300 არის თუ არა, რომლის ღირებულებაც 120 000 დოლარია, ეპისკოპოსმა განაცხადა:

“რა მნიშვნელობა აქვს. დავუშვათ, დაგიდასტურეთ, რომ ახალი მანქანაა, რა მერე, აი, რა?”, – თქვა ეპისკოპოსმა.

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონსატრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. მაშინ კომპლექსის საძირკველი აკურთხა მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ. ცერემონიას ესწრებოდა ქვეყნის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

ბანას ტაძარი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, მდინარე ბანას ნაპირას მეშვიდე საუკუნეში აშენდა, მეცხრე საუკუნეში კი ბანას საეპისკოპოსო დაარსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი