ახალი ამბები

საკრებულოს კომისია თანახმა არაა, სოფელ “კიროვკას” “მამეი” ეწოდოს

15 ნოემბერი, 2022 • 1390
საკრებულოს კომისია თანახმა არაა, სოფელ “კიროვკას” “მამეი” ეწოდოს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას ახალი სახელი ეწოდება და მას „მეგობრობა“ ან „მწვანე გორა“ დაერქმევა.

ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სოფლების სახელდების კომისიის წევრმა ირინე მაჭარაშვილმა ისაუბრა.

საკრებულოს სხდომის ჩანაწერი ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, „რადიო მარნეულმა“ გაავრცელა.

სოფელ კიროვკას სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით შეკითხვით ირინე მაჭარაშვილს მიმართა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე მოქალაქემ.

უშუალოდ სოფლის მოსახლეობის ნაწილი დასახლებისთვის „მამეის“ დარქმევას ითხოვდა, რადგან აცხადებდნენ, რომ წარსულში სოფელს ეს სახელი ერქვა.

„სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილი სახელი „მამეი“ არსად ფიქსირდება, ჩვენ მოვიძიეთ ისტორიული მასალა და, შესაბამისად, ტოპონიმი მამეი არც XIX საუკუნეში, არც XX საუკუნეში არ არის ასახული. ამიტომ ჩვენ ვართ მოკლებული უფლებამოსილებას, ეს სახელი ვუწოდოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად ამ სოფელს ერქვა მამაი, მამაის სახელზე ორი ვერსია არის, ერთი ვერსია უკავშირდება ქრისტიან წმინდანს მამაის, ხოლო მეორე ვერსია უკავშირდება, სავარაუდოდ, ოქროს ურდოს სარდალ მამაის. შესაბამისად, ეს ვერსიებიც არის ნაკლებად მისაღები, რადგან ოქროს ურდოს სარდლის სახელი ვერ დაერქმევა სოფელს, ხოლო წმინდანის სახელი ვერ დაერქმევა, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ სოფლის მოსახლეობის რწმენას და ამიტომ უფრო მართებული იქნება [რედ. ავარჩიოთ ერთ-ერთი] – ერთი მეგობრობა, რომელიც დღევანდელ პერიოდში ასახავს მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითს ერებს შორის, მეორე – ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ასევე იმისთვის, რომ აქ არის ბევრი არტეფაქტი აღმოჩენილი, რკინის მეტალურგიის მაღაროებია აღმოჩენილი და რათა მოვახდინოთ ამ არტეფაქტის პოპულარიზაციის პოპულარიზაცია, კარგი იქნება, რომ ეწოდოს მწვანე გორა“, – განაცხადა ირინე მაჭარაშვილმა.

სოფლის მოსახლეობის მოსაზრება ამ პოზიციაზე ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი