ახალი ამბები

მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის?! – კალაძე

14 ნოემბერი, 2022 • 594
მერიის რომელი პროექტი ყოფილა საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის?! – კალაძე

„რომელი პროექტი ყოფილა დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხი სშემცველია საზოგადოებისთვის?!“, – მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავას.

ფარულავა კალაძესთან იმ დროს მივიდა, როდესაც თბილისის მერი ეცნობოდა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს.

ფარულავამ კალაძეს უთხრა, რომ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ავლაბრის მოედანზე იგეგმება, იქვე მდგარი ავარიული საცხოვრებელი კორპუსისთვის საფრთხის შემცველია.

პასუხად კალაძემ ფარულავას მოთსხოვა დაესახელებინა მერიის განხორციელებული ერთი პროექტი მაინც, რომელიც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი იყო.

„იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქისა და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხის შემცველი იყოს, თუნდაც მინიმალურად, 1%-თაც და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას.

რომელი პროექტი ყოფილა დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის, ერთი პროექტი მითხარი, თუ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, თუ კვლევები დაადასტურებს, რომ პროექტის განხორციელება საშიშია, მისი აშენების გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს.

„თუ ჩვენ გვექნება სურათი, რომ ამ პროექტის განხორციელება არის საშიში და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, რომ პროექტი განხორციელდეს?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ლაშა ფარულავა ითხოვს, რომ ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა შეჩერდეს და გადაიხედოს.

„პროექტში პირდაპირ წერია, რომ 18 მეტრი უნდა გათხაროს კომპანიამ. ეს არის საფრთხის შემცველი როგორც მეტროსადგურისთვის, ასევე აქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.


მერიის არქიტექტურის სამსახურის პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ავლაბრის მოედანზე სამსართულიანი ნაგებობის აშენება იგეგმება, რომელსაც ორი სართული მიწის ქვეშ ექნება. ნაგებობის სიმაღლე, შეთანხმებული ესკიზის მიხედვით, 12 მეტრი იქნება.

თანხმობა წინასწარი ესკიზის შეთანხმებაზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2022 წლის 7 აპრილს გასცა.

პროექტის ავტორების განცხადებით, შენობის -2 სართულზე მთლიანად მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, -1 სართული კი, ნაწილობრივ ავტოსადგომს, ნაწილი კომერციულ ფართებს დაეთმობა. რაც შეეხება შენობის მიწისზედა სართულებს, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე სართულზე სავაჭრო, დასასვენებელი და გასართობი სივრცეები მოეწყობა.

ტერიტორია, რომელზეც სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება, 2 114 კვადრატულ მეტრს მოიცავს და კერძო საკუთრებაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შპს ეი-პი-ეს-ს ეკუთვნის.

ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

მასალების გადაბეჭდვის წესი