საზოგადოება

ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

7 ოქტომბერი, 2022 • 2124
ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

მერიის არქიტექტურის სამსახურის პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ავლაბრის მოედანზე სამსართულიანი ნაგებობის აშენება იგეგმება, რომელსაც ორი სართული მიწის ქვეშ ექნება. ნაგებობის სიმაღლე, შეთანხმებული ესკიზის მიხედვით, 12 მეტრი იქნება.

თანხმობა წინასწარი ესკიზის შეთანხმებაზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2022 წლის 7 აპრილს გასცა.

პროექტის ავტორების განცხადებით, შენობის -2 სართულზე მთლიანად მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, -1 სართული კი, ნაწილობრივ ავტოსადგომს, ნაწილი კომერციულ ფართებს დაეთმობა. რაც შეეხება შენობის მიწისზედა სართულებს, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სამივე სართულზე სავაჭრო, დასასვენებელ და გასართობი სივრცეები მოეწყობა.

ტერიტორია, რომელზეც სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება, 2 114 კვადრატულ მეტრს მოიცავს და კერძო საკუთრებაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შპს ეი-პი-ეს-ს ეკუთვნის.

აღნიშნულ მშენებლობას ეწინაარმდეგება პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ავლაბრის მოედანი ქალაქის ისტორიული ნაწილია, სადაც არასოდეს მსგავსი ტიპის ნაგებობა არ ყოფილა, მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის მოედნის უკან მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს. ამასთან, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე აქტიური მიწისქვეშა წყლებია, რომელთა გამო თავის დროზე მეტრო „ავლაბრის“ გაყვანაც პრობლემური იყო:

„ეს გამაოგნებელი მშენებლობა აღმოვაჩინე მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდა ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც ცხოვრობს ავლაბარში, მეტროს უკან რომ დიდი კორპუსია. თავიდან ვიყავი აბსოლუტად გაოგნებული. მეგონა, აზვიადებდნენ და აჭარბებდნენ იმიტომ, რომ ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეიძლება ზედ მოედანზე ვინმეს სამშენებლო ნებართვა გაეცა. ადგილი, რომელიც არის ალალად მოედანი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ზედ არასოდეს ნაგებობა არ მდგარა. რა მნიშვნელობა აქვს, ეს სავაჭრო ცენტრი იქნება თუ კორპუსი. ეს დანაშაულია ქალაქის წინაშე.

მე საერთოდ არ მაინტერესებს, ტერიტორია ვის დროსაა გაყიდული. ეს არის პირადად ბატონი კალაძის პასუხისმგებლობა. აქ არაფერი არ უნდა აშენდეს. ამ ადგილას ძალიან აგრესიული მიწისქვეშა წყლებია. თავის დროზე, ავლაბრის მეტროს გაყვანაც კი პრობლემური იყო. მეტროთი ვინმე ავლაბარში თუ გაივლის, აუცილებლად იგრძნობს გოგირდის სუნს იმიტომ, რომ იქ გადაჭრილია გოგირდის ერთ-ერთი ძარღვი. მეორე, იქ უზარმაზარი კორპუსია, სადაც ასეულობით ოჯახი ცხოვრობს. ის კორპუსი ავარიულია, ბზარები აქვს, რამდენიმე წლის წინ გაამაგრა მერიამ, თუმცა ხელახლაა გასამაგრებელი. ამასთან, როგორ შეიძლება მოედანზე ამის აშენება“ ,- ამბობს ალეკო ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მშენებლობა ასევე გაამწვავებს ქალაქში არსებულ საცობების პრობლემასაც. ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“ აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში კიდევ უფრო შევიწროვდება ავლაბრის მეტროს შესასვლელი, რომელსაც, მისი თქმით, ისედაც უჭირდა მგზავრთა ნაკადის გატარება:

„ერთადერთი მოედნებიღა დაგვრჩა და იქაც დაიწყეს მშენებლობის ნებართვების გაცემა. ნუღარ უკვირთ, რომ საცობებია და გაუვალი გახდა ეს ქალაქი. ამ უპასუხისმგებლობის და ქაოსის შედეგია ეს. მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაც ძალიან უკმაყოფილოა და, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად მოვინდომებთ და ამ დანაშაულს არ განვახორციელებინებთ მერიას“, – ამბობს ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ მერიის არქიტექტურის სამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ობიექტზე მომზადდა წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაგეგმილი სამუშაოები საფრთხეს არ შეუქმნის მახლობლად მდებარე შენობა-ნაგებობების მდგომარეობას არც მშენებლობის და არც ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდში.

ამასთან, მერიის ქვეუწყებაში ამბობენ, რომ ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ფარგლებში მოძიებულ იქნა 1913 და 1924 წლების თბილისის რუკების ფრაგმენტები, რომლის მიხედვითაც, უწყების განცხადებით, საპროექტო ტერიტორია განაშენიანებული იყო და აღნიშნავენ, რომ მომზადდა ნაკვეთთან მიმართებით ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც:

„ხსენებულ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ 2008 წელს. აღნიშნულმა დოკუმენტმა რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, თუმცა, საბოლოოდ, ობიექტს სავაჭრო ცენტრის ფუნქცია არ შეცვლილა“, – აცხადებენ მერიის არქიტექტურის სამსახურში.

მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ 2022 წლის 26 ივლისს, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი