ახალი ამბები

ჩვენი მიზანია, ენმ ქუჩის პროტესტის ფლაგმანი გახდეს – მუმლაძე

14 ნოემბერი, 2022 • 842
ჩვენი მიზანია, ენმ ქუჩის პროტესტის ფლაგმანი გახდეს – მუმლაძე

გიორგი მუმლაძე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს, აცხადებს, რომ პარტია უნდა გახდეს ქუჩის პროტესტის ფლაგმანი.

ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის წინ გააკეთა.

მუმლაძის თქმით, „რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის“ დამარცხების რეცეპტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი, გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის ქვეყნის მასშტაბით, უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მუმლაძის თქმით, ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია „გადამგდები პოლიტიკოსია“.

„გადადგეს ნიკა მელია თავმჯდომარეობიდან, რომ მან თავისი უფლებამოსილებები ბოროტად არ გამოიყენოს. მე მას არ ვენდობი. როგორც ენმ-ის მხარდამჭერი და თანამებრძოლი ვამბობ, რომ მან ბევრჯერ გადაგვაგდო, სიტყვა გატეხა და გადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.


9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის, კენჭი ხაბეიშვილმაც იყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი