უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გამომძიებლებმა ხერსონში მიაკვლიეს ომის დანაშაულის 400-ზე მეტი შემთხვევას.
ხერსონის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი რუსულმა საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე დღის წინ დატოვეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე უკრაინის კონტროლი აღდგა.
ზელენსკის განცხადებით, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ნაწამები და დახოცილი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების სხეულები.
“ყველა მკვლელს ვიპოვით და დავსჯით. ეს ეჭვგარეშეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მხარის თანახმად, ომის დანაშაულების ფაქტები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტყვეების წამება, დახვრეტა, გაუპატიურება, სახლების გადაწვა – რუსული ჯარის ხელწერაა.
კიევმა დახოცილი მოსახლეობის მასობრივი საფლავები აღმოაჩინა ბუჩაში, იზიუმსა და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში.
ხერსონის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილის დატოვების გადაწყვეტილება რუსულმა სამხედრო სარდლობამ „ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნების“ მოტივით ახსნა.
ოლქის ამ ნაწილს დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხიდი აკავშირებდა, რომელიც უკრაინული დაბომბვების შედეგად დაზიანდა და რუსული მომარაგების ხაზები მნიშვნელოვნად დასუსტდა.
რუსეთმა უკანონო რეფერენდუმების შემდეგ, ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან ერთად, საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა მისი დატოვება მაინც მოუწია.