ახალი ამბები

ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციამ, პოლიციამ და უშიშროებამ მუშაობა დაიწყო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

12 ნოემბერი, 2022 • 1071
ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციამ, პოლიციამ და უშიშროებამ მუშაობა დაიწყო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, ხერსონში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია, პოლიცია და უშიშროების სამსახური კვლავ ამოქმედდა. მისი ცნობით, ქალაქსა და რეგიონში მოქმედებს უკრაინის ეროვნული პოლიცია.

“ქალაქში ჩავიდნენ და მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ ხერსონის ოლქის, ქალაქ ხერსონისა და ხერსონის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციები. ასევე, მოვალეობის შესრულებას შეუდგა ნაციონალური პოლიცია და უშიშროების სამსახურიც. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ახორციელებს განაღმვის ღონისძიებებს”, – ამბობს იანუშევიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის განკუთვნილ ვიდეომიმართვაში.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. 11 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფებიან. 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

რუსეთის ჯარებმა ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიპყრეს. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი