ახალი ამბები

რუსების მორიგი იერიში ხერსონზე – 3 გარდაცვლილი და 12 დაჭრილი

14 ნოემბერი, 2023 • 1126
რუსების მორიგი იერიში ხერსონზე – 3 გარდაცვლილი და 12 დაჭრილი

13 ნოემბერს, ზუსტად რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ერთი წელი შესრულდა ხერსონის გათავისუფლებიდან, რუსებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმამ დააზიანა საავადმყოფო, მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლები, იმსხვერპლა სამი ადამიანი. სულ მცირე, 12 ადამიანი დაჭრილია, მათ შორის -2 თვის ჩვილი. ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” გუბერნატორ ოლეკსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაცია სხვა დამოუკიდებელი წყაროებით ჯერ არ დასტურდება. პროკუდინის თქმით, ქალაქის ცენტრზე შუადღით მიტანილი საარტილერიო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. 

“რვა მანქანა, მათ შორის, ერთ სასწრაფოს მანქანა, ადმინისტრაციული შენობა, საავადმყოფო, სულ მცირე, 15 საცხოვრებელი სახლია დანგრეული ან დაზიანებული”, – ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია პროკუდინმა.

Kyiv Independent ასევე პროკუდინზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილებს შორის არიან 62 წლის ქალი და 45 წლის მამაკაცი. დაშავებულებს შორის არიან საავადმყოფოს ორი თანამშრომელი და ამავე საავადმყოფოს 81 წლის პაციენტი. 

ცალკე შეტყობინების სახით გაავრცელა ინფორმაცია გუბერნატორმა, რომ ამავე დღეს, ცოტა უფრო ადრე, ქალაქის გარეუბანში მანქანას ესროლეს, რასაც ერთი ზრდასრული ადამიანი შეეწირა, 2 თვის ჩვილი და დედამისი კი დაიჭრნენ. Kyiv Independent-ის ინფორმაციით, მანქანაში გარდაცვლილი მამაკაცი მაღალი ალბათობით ბავშვის 64 წლის ბაბუაა, მაგრამ დამწვრობებისგან მიყენებული ზიანის გამო მისი ამოცნობა ჯერ არ მომხდარა.

ხერსონისა და სხვა მიმდებარე დასახლებების გათავისუფლების შემდეგ, რუსეთის სამხედრო ნაწილებმა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე დაიხიეს. როგორც უკრაინული გამოცემა წერს, მას მერე გათავისუფლებული ხერსონის მიმართულებით თავდასხმები რეგულარულად ხორციელდება, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი