ახალი ამბები

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან

11 ნოემბერი, 2022 • 966
უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან

უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქის იმ დასახელბებში შედიან, რომელიც ამ დრომდე რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული.

„ტელეგრამ“ არხების საშუალებით გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოჩნდნენ სოფელ ჩაიკინეში (ბერისლავის რაიონი), ბილოზერკაში, კლაპაისა და შუმენსკიში. ხერსონის ოლქის მცხოვრებლები მათ უკრაინის დროშებით ხვდებიან.

სამხედროები ჯერ არ გამოჩენილან თავად ქალაქ ხერსონში. ადგილობრივებმა მათ მოლოდინში უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აღმართეს ხერსონის ადმინისტრაციის შენობის წინ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დაასრულა თავისი შეიარაღებული ძალების გადაყვანა მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ.

რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხ ოლქს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს

მასალების გადაბეჭდვის წესი