საზოგადოება

რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს

9 ნოემბერი, 2022 • 1124
რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს

რუსეთი ხერსონიდან უკან იხევს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ბრძანება გასცა თავდაცვისთვის ჯარების გაყვანაზე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ის დაეთანხმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სერგეი სუროვიკინის წინადადებას.

სუროვიკინის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინა ურტყამს ადგილობრივი ხელისუფლების ობიექტებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და სხვა სოციალურად მნიშვნელოვან ობიექტებს.

მან აღნიშნა, რომ რეგიონიდან 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„მიზანშეწონილია თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის ბარიერის გასწვრივ, მის მარცხენა სანაპიროზე“, — თქვა სუროვიკინმა, რასაც თავდაცვის მინისტრი დაეთანხმა.

„გეთანხმებით. შეუდექით ჯარების გაყვანას“, — თქვა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს.

„საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების მიხედვით,“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ ინფორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე და ინფორმაციული სიჩუმის რეჟიმი შეინარჩუნონ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/447210/?fbclid=IwAR0IzpGsI5vWyheWxqsko33UrqgBxTITI6e0yKHZTsztedmLaI-hFm_MSfY

რუსეთის ჯარებმა დაიპყრეს ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხ ოლქს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროს დატოვების შესახებ ინფორმაციის დადასტურებამდე, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს დარიივსკის, ტიაჰინსკისა და ნოვოვასილივსკის ხიდები. მანამდე რუსებმა მოაწყვეს თავდაცვითი ხაზები მდინარის მარცხენა სანაპიროზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი