ახალი ამბები

ცისკარიშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ აპირებს

10 ნოემბერი, 2022 • 1010
ცისკარიშვილის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ აპირებს

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

“მე არ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთებიან კანდიდატებად, როგორი კამპანია იქნება. მთავარია, რომ ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, პარტიის წევრები, მხარდამჭერები, აქტივისტები იქნებიან ე.წ. დელეგატები, ვინც ხმას აძლევენ თავმჯდომარის არჩევას. პროცესი წავა ძალიან ნორმალურად, კარგად, მშვიდად, დემოკრატიულად. კობახიძისნაირი სუბიექტები როცა ერევიან [საქმეში], მათ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ვის მხარესაც ჩაერევიან, სწორედ იმ მხარეს დააზიანებენ. ქოცები არ ირჩევენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს”, – განაცხადა მან.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მელიას მხარს, ცისკარიშვილმა უპასუხა: “ვნახოთ, გამოიკვეთება კონკურენტები, მოვუსმენთ, შევხედავთ, რა პროგრამა აქვთ, რა გეგმები აქვთ, ვინ როგორ აპირებს განახლებას, პარტიის გაძლიერებას, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კონკრეტულ მოქმედებებს, აქედან გამომდინარე მეც ერთი ხმა მექნება და შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებებს”.

გუშინ, 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი — გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.

ცისკარიშვილი კობახიძის კომეტირებისას ამბობს, რომ კეზერაშვილს ამ ეტაპზე პარტიული და პოლიტიკური ინტერესები არ აქვს და მას მხოლოდ სურს, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, რომელიც “ქართულ ოცნებას თავის მოქმედებებში ამხელს”.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი