ახალი ამბები

კიდევ ერთი „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“

14 მაისი, 2010 •
კიდევ ერთი „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“

„სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი, კიდევ ერთ „სახალხო მართლამდიდებლურ მოძრაობას“ აფუძნებს.

დღეს „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრი ელიზბარ ჯაველიძე, მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ლელიკო ჯაფარიძე და მალხაზ გულაშვილის მეუღლე, ნანა გაგუა ჟურნალისტებს „სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს და მოძრაობის ლიდერის საქმიანობას აცნობდნენ.

სმმ–ს წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც, მათი თქმით, უკანონო პატომრობაში იმყოფებიან, „ქრისტესთვის მებრძოლი პატიმრების“ სტატუსი უნდა მიენიჭოთ. „თუკი არსებობენ პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, მაშინ რატომ არ შეიძლება სარწმუნოებისთვის  და ქრისტესთვის მებძროლთა პატიმრებიც არსებობდნენ“? –კითხულობს ელიზბარ ჯაველიძე.  

თუ 7 პატიმარს, რომლებიც ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ  სამართლადამცავებმა დააკავეს,  არ გაათავისუფლებენ, სმმ ხელისუფლების წინააღმდეგ პერმანენტულ  აქციებს გეგმავს.

 „თუკი ჩვენ ახლა მათ დავნებდებით, მაშინ ქართველობა და მართლმადიდებლობა აღარ იარსებებს,  დღევანდელი რეჟიმი სპობს მართლმადიდებლობას“, – ამბობს ჯაველიძე.

მოძრაობა აპირებს შექმნას საზოგადოებირივი კომისია, რომელიც „კავკასიის“  ეთერში მომხდარ  ფაქტს შეისწავლის და დამნაშავეებს გამოამჟღავნებს. ამ საკითხებს კი, სმმ–ს თქმით, ეკა ბესელია უხელმძღვანელებს.

გულაშვილის მეუღლე  ნანა გაგუა  „კავკასიის“ ეთერში  მომხდარს,  მალხაზ გულაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ სპეცოპერაციას უწოდებს, –„გადაცემამდე, ნინო ჯანგირაშვილმა რამდენჯრმე დაურეკა მალხაზს და მის გადაცემაში მისვლას აზუსტებდა – მალხაზ გადაცემა არ ჩამიგდო, ხომ მოხვალო“, – იხსენებს გულაშვილის მეუღლე.

სმმ–ს წევრებიც ფიქრობენ, რომ ტელეკომპანიები და ხელისუფლება გულაშვილის წინააღმდეგ არიან განწყობილნი: „იმედი“, „კავკასია“ და ხელისუფლება მალხაზს დისკრედიატაციას უწევენ. მათი მიზანია, ღირსეულ ქართველებს საქართველო დაატოვებინონ“ , –ამბობს ელიზბარ ჯაველიძე.

მალხაზ გულაშვილის დღევანდელ ადგილსამყოფელსა და საქმინაობაზე მისმა მეუღლემ ისაუბრა – „ტყუილია, თითქოს, მალხაზი საქართველოდან გაიქცა, სამაჩაბლოც საქართველოა და ახლა, იქ განაგრძობს საქმიანობას“.

გულაშვილის პოსტის ( სმმ–ს ლიდერი) დროებითი შემსრულებელი ელიზბარ ჯაველიძე ამბობს, რომ მალხაზ გულაშვილმა ცხინვალში „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ უკვე ჩამოაყალიბა, სადაც   მან  აფხაზებიც  მიიწვია.  „ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე,   გვერდზე გადგეს და ჩვენ დაგვითმონ. ჩვენ შეგვიძლია რუსებს, ოსებს და აფხაზებს   სახალხო დიპლომატიის დონეზე ველაპარაკოთ, მალე ჩვენც ჩავალთ ცხინვალში ამ ხალხთან შესახვედრად და ძველ ურთიერთობას აღვადგენთ“, – განაცხადა ჯაველიძემ. მისი თქმით, გულაშვილს, როგორც „კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების რუსულ-ქართული კომისიის“ დამფუძნებელს, იქ უამრავი მეგობარი ჰყავს. „უბატონოდ მას იქ  ხმას არავინ სცემს“, – ამბობს ჯაველიძე.

მალხაზ გუალშვილის მეუღლის თქმით, გულაშვილი სამშობლოში ძალიან მალე დაბრუნდება.

რაც შეეხება, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, კოკოითთან შეხვედრას, გულაშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს. „რაც შეეხებ კოკოითთან ჩახუტებას, ამ თემაზე კომენტარს არ მოგცემთ“, ამბობს გულაშვილის მეუღლე.

მალხაზ გულაშვილი, რამდენიმე დღის წინ „კავკასიის“ პირადპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა სახალხო მართლამდიდებლური მოძრაობის წევრების მიერ გადაცემაში დამსწრე საზოგადოების მეორე ნაწილისა და ტელეკომპანიის „კავკასიია“ თანამშრომლების მიმართ აგრესია განხორციელდა და  სმმ–ს 8 წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს, ცხინვალში შვილთან ერთად წავიდა. როგორც სმმ–ს წევრები და გულაშვილის მეუღლე ამბობს, მათი შვილისთვის თბილისში დარჩენა სახიფათო ოყო და აქაურობას გაარიდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი