ახალი ამბები

ვარკეთილის მეტროს რემონტი შეწყდა

9 ნოემბერი, 2022 • 1330
ვარკეთილის მეტროს რემონტი შეწყდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რემონტს წყვეტს.

სატრანსპორტო კომპანიამ „სამშენებლო კომპანია მამისონს“, რომელსაც მეტროსადგური უნდა გაერემონტებინა, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი 3 ნოემბერს გაუგზავნა.

წერილის ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

“ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 98 დღის შემდეგ, კვლავ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი და სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი სამუშაოთა წარმოების პროექტი. დღეის მდგომარეობით გასული არის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადის მესამედი ნაწილი, შესაბამისად, მოცემული გარემოებების გონივრული შეფასებით, შემსყიდველისთვის ცხადია, რომ ხელშეკრულების შესრულება ვადაში თქვენი მხრიდან ვერ მოხდება”, – წერია წერილში, რომელიც სამშენებლო კომპანიას გაეგზავნა.

ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასევე ითხოვს „სამშენებლო კომპანია მამისონის“ შავ სიაში შეტანასაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარ სიაში მოხვედრის შემდეგ, კომპანია ვეღარ შეძლებს სახელმწიფო შესყიდვების კონკურსებში მონაწილეობას.

სატრანსპორტო კომპანიაში ნეტგაზეთს ვერ დაუდასტურეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად გაიმართება თუ არა ახალი ტენდერი თუ პირდაპირი შესყიდვის გზით შეირჩევა კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს.

ვარკეთილის მეტროს რემონტი წელს უნდა დაწყებულიყო. ბაქნის ნაწილზე მოეწყო რემონტისთვის საჭირო კონსტრუქციები, თუმცა უშუალოდ სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერი 30 იანვარს, 10:30 საათზე, ჩამოიშალა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა.

ჭერის ჩამოშლის შემდეგ მეტროსადგური ამ დრომდე არ გარემონტებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი