ახალი ამბები

“დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნისკენ” – შამბა 

9 ნოემბერი, 2022 • 1230
“დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნისკენ” – შამბა 

“დასავლეთი საქართველოს უბიძგებს, აფხაზეთში “მეორე ფრონტი” გახსნას”, –  თქვა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ სოხუმში შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს.

“რეგიონში არსებობს სიტუაციის გამწვავების საფრთხე, რადგანაც დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს. დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის მიმართ ლოიალობის დემონსტრირება და ამავე დროს, აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გამყარება”.

ამასთან, უკრაინაში ომის პროგნოზებზე საუბრისას შამბამ თქვა, რომ “თუკი ამ ეტაპზე შეჩერდება ომი, ეს არ იქნება გამარჯვება, ბოლომდე სვლაა საჭირო”.

“მეორე ფრონტის” გახსნაზე აფხაზი ჩინოვნიკების მიერ გაკეთებული განცხადებები აქამდეც ისმოდა. მაგალითად, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ USAID და მისი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯინ პენელი, რომელიც იქამდე უკრაინაშიც მუშაობდა, დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ახდენს ზეწოლას, გახსნას მეორე ფრონტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი