ახალი ამბები

კობახიძის თქმით, „ოდიოზური ევროპარლამენტარები“ II ფრონტის გახსნასთან არიან დაკავშირებული

8 ნოემბერი, 2022 • 892
კობახიძის თქმით, „ოდიოზური ევროპარლამენტარები“ II ფრონტის გახსნასთან არიან დაკავშირებული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ოდიოზური ევროპარლამენტარები“ კოორდინაციაში არიან იმ მიზანთან, რაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ემსახურება.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ნოემბერს, ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ანგარიშში ინიცირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

კობახიძის თქმით,  „ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები ცდილობენ, რეზოლუციაში აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ“.

„ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რასაც წინა წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება.

ერთ-ერთი შესწორება, რომელიც არის ინიციირებული ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს“, – განაცხადა კობახიძემ.


დღეს, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ.

ანგარიშში ინიცირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

ევროპარლამენტარებმა რამდენიმე შესწორების ცალ-ცალკე ინიციირება მოახდინეს. შესწორებების ავტორები არიან როგორც „ნაციაონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პარტნიორები, ისე „ქართული ოცნების“ პარტნიორებიც.

მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობას შეეხება, სწორედ „ქართული ოცნების“ პარტნიორების, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრები, სვენ მიქსერი და ნაჩო სანჩეს ამორი არიან. მათ შესწორებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება.

თითოეულ შესწორებას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. პლენარულ სხდომაზე კი აღნიშნულ მოხენებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი