ახალი ამბები

PEN America: ვუერთდებით მოწოდებებს გვარამიას შეწყალების შესახებ

8 ნოემბერი, 2022 • 801
PEN America: ვუერთდებით მოწოდებებს გვარამიას შეწყალების შესახებ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია PEN America მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, “მთავარი არხის” დამფუძნებელი გაათავისუფლოს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პოლინა სადოვსკაიამ განცხადებაში ისაუბრა, რომელსაც PEN America აქვეყნებს.

მისი შეფასებით, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება საქართველოს სასამართლო სისტემის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შლის.

“დაუსაბუთებელი ბრალდებებით გვარამიასთვის 3.5-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვებით, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მუშაობას და მუქარას უგზავნის ჟურნალისტებს, ვინც მთავრობის მიმართ კრიტიკულია. ჩვენ ვუერთდებით მოწოდებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი მედიაპლურალიზმის განვითარებას საქართველოში”, – ნათქვამია სადოვსკაიას განცხადებაში.

“მთავარი არხის” დამფუძნებელს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გვარამია პატიმრობაში დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ გვარამიას შეწყალებისკენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთაც, მათ შორის არიან ევროპარლამენტარები. გუშინ, 8 ნოემბერს 12-მა ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხის განხილვა. ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილში ევროპარლამენტარები წერდნენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობად აღიქმება.

ამასთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს დაემატა ევროპარლამენტთა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დღეს, 8 ნოემბერს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი