ახალი ამბები

პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა – შსს

7 ნოემბერი, 2022 • 476
პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სამეგრელოში  ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, მათგან ორი პირი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, ხოლო სამი პირი- „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულთაგან ორმა პირმა არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა.

„კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები – „ქურდული სამყაროს“ წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილსსა და სამეგრელოში რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები“, – აცხადებს შსს.

მათივე ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი