ახალი ამბები

ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

4 ნოემბერი, 2022 • 988
ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი ცობეხიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ მან, დღეს 4 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრების დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებნის“ წევრებს სახალხო დამცველად სურთ ისეთი ადამიანი, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შეხედულებებისგან, თავად კი სახალხო დამცველის თანამდებობას არც ასეთ  აპოლიტიკურად მიიჩნევს.

ცობეხიამ კანდიდატურის მოხსნისას მხარდაჭერა გამოუცხადა ომბუდსმენობის ერთ-ერთ კანდიდატს სოფო დემეტრაშვილს.

„მე მიმაჩნია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩემ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებები არ არის ის მოცემულობა, რომლითაც სახელმწიფო შეიძლება განვავითაროთ. პირიქით, მე ვფიქრობ, ბატონებო, თქვენ კრიტიკის მიღება უნდა შეძლოთ და ამაზე სწორი რეაგირება. საკითხის უარყოფა, ამ საკითხზე სწორი რეაგირებაა ამის მოგვარებით დაკავება. ასეთია ჩემი წარმოდგენა.

ერთი ახალგაზრდა კაცი ვარ, რომელიც, დიახ, მონაწილეობდა ოპოზიციურ გამოსვლებშიც, მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებშიც და მე არ მგონია, ეს კრიტიკის საფუძველს იძლეოდეს. თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ ჩემი შეხედულებები და ამის გამო გამაკრიტიკოთ, მაგრამ არ მგონია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ ადამიანებს მიუღებლობა ჰქონდეთ.

ეს საინტერესო ნიშანთვისებაა,  თქვენ  გინდათ სახალხო დამცველი, რომელიც დაცლილი იქნება პოლიტიკური შეხედულებებისგან და მე ასეთ აპოლიტიკურ თანამდებობადაც არ მივიჩნევ სახალხო დამცველის თანამდებობას. მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებაში, მათ შორის კანონშემოქმედებით პროცესში არაპირდაპირი გზით მონაწილეობაც.  ასე რომ, თქვენი წარმოდგენები რამდენად სამართლიანი და სწორია, ეს ჩემთვის კითხვებს აჩენს.

მე ზუსტად ვიცი, რომ ჩემს კანდიდატურას მინიმუმ ხელისუფლების მხარდაჭერა ბუნებრივად არ მოჰყვება. სწორედ ამიტომ ვხსნი კანდიდატურას, თუმცა ვხსნი მას შემდეგ, რაც ასეთი მძიმე დღე გავიარე თქვენთან ერთად“,  – განაცხადა გიორგი ცობეხიამ.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსში სულ 19 კანდიდატი მონაწილეობდა. პარლამენტის კომიტეტზე მოსმენამდა კანდიდატები შეფასების სამუშაო ჯგუფმა  შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა. როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე) მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი