„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას შეფასებით, ოლიგარქიზაციის გამყარების და ოპოზიციური რესურსის მქონე ადამიანების დევნის კანონის მიღებას ნაწილობრივ ოპოზიციამაც შეუწყო ხელი.
ამის შესახებ ხოშტარაიამ 2 ნოემბერს „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა პარლამენტში ინიცირებული „დეოლიგარქიზაციის კანონის“ შეფასებისას . ხოშტარიას აზრით, ოპოზიცია უნდა შეეშვას ილუზიას, რომ „ოცნებასთან“ ერთად რამის გაკეთება შესაძლებელია.
„დეოლიგარქიზაციის პროცესი საჭიროა და რა მივიღეთ? — ოლიგარქიზაციის გამყარების კანონი და სხვა ოპოზიციური რესურსის მქონე ადამიანების დევნის კანონი. ამას ნაწილობრივ ოპოზიციამაც შეუწყო ხელი“, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ და ოპოზიციის ცალკეული წევრების გააზრებულ ან გაუაზრებელ ქმედებებზე მიუთითა.
„თუნდაც პარლამენტში ამ განხილვებში ყოფნა, ან ლაპარაკი, რომ კეზერაშვილია თურმე დღეს ჩვენი ოლიგარქიის პრობლემა, რაც მთავარიდან ყურადღებას ფანტავს.
ვის მოსწონს კეზერაშვილი ან არ მოსწონს, ვინ ხედავს საფრთხეს, რომ ნებისმიერი მდიდარი ადამიანი შეიძლება მერე გახდეს ოლიგარქი და ა.შ. — ამ თემებზე ყველას შეუძლია საუბარი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციაზე როცა არის ლაპარაკი და პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოდის, რომ მოდით, ჩამოვთვალოთ, ოლიგარქები კიდევ ვინ არიან, ეს არის როგორც მინიმუმ სასარგებლო იდიოტის როლის თამაში.
ამიტომ ვამბობ, ოპოზიციის ერთიანობაზე როცა ვლაპარაკობთ, ყველას სასიცოცხლოდ გვჭირდება, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე ვიდგეთ ერთად, გინდათ, კოორდინაცია დაარქვით, გინდათ, თანამშრომლობა“, — განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, არ ამბობს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან ხვალვე გამოსვლა ან მხოლოდ ეს არის გამოსავალი, მაგრამ საჭიროა დიაგნოზის დასმა, რომ საქმე გვაქვს რუსულ მმართველობასთან.
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს, ხოლო უკრაინის კანონთან დაკავშირებით ევროკომისიამ გასცა უკრაინის მიერ ამ კანონის იმპლემენტაციის რეკომენდაცია.
უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.