ახალი ამბებიხელოვნება

5 მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ ნოემბრის წიგნის დღეებზე

3 ნოემბერი, 2022 • 2188
5 მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც უნდა შეიძინოთ ნოემბრის წიგნის დღეებზე

რიტუალად ქცეული თბილისის წიგნის დღეები, ექსპო ჯორჯიას პავილიონის გზაზე სხვადასხვაფრად შეფერილი ხეებით, ქალაქში შემოდგომის არსებობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

წელს წიგნის დღეები გაიმართება  4-5-6 ნოემბერს. ბაზრობას უცვლელად უმასპინძლებს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი. წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ათზე მეტი გამომცემლობა და მაღაზია.

წიგნების დიდი არჩევანიდან 5 წიგნსა და მათ თარგმანებს გამოვარჩევთ:

1. ფრანსუა ვიიონი – “მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი. ლირიკა”. მთარგმნელი – დავით წერედიანი, სულაკაურის გამომცემლობა. 

სულაკაურის გამომცემლობა კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მსოფლიო კლასიკის სერიით გამოსცემს ფრანსუა ვიიონის პოემებსა და ლირიკას.

ფრანსუა ვიიონი გვიანი შუასაუკუნეების პოეტია. მეამბოხე, კრიმინალური ცხოვრების მქონე ფრანსუა ვიიონის პოემები არის ერთგვარი ავტობიოგრაფია. რითმად ქცეული ფათერაკული, ხიფათიანი ცხოვრება, რომელსაც პირველი ტაეპიდან ვერ მოსწყდები. სტროფები კი დაიდებს ბინას შენს მეხსიერებაში და აუცილებლად, ხშირად უადგილოდაც, გაგახსენდება. ლიტერატურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ტექსტი ქართულად დავით წერედიანმა თარგმნა. სწორედ ვიიონის და წერედიანის ტანდემია ის, რაც ტექსტს დაუვიწყრად აქცევს.

2. ვინფრიდ გეორგ ზებალდი – “აუსტერლიცი”. მთარგმნელი – მაია ბადრიძე, გამომცემლობა “დიოგენე”.

გამომცემლობა “დიოგენეს” ახლად გამოცემული წიგნებიდან ერთ-ერთი არის “აუსტერლიცი”. ტექსტი ზებალდის მთავარ ნაწარმოებად მიიჩნევა, რომელიც  გამოიცა მწერლის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2001 წელს, და იქცა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ ტექსტად.

1967 წელს ანტვერპენის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურში მთხრობელი ხვდება ჟაკ აუსტერლიცს, ხელოვნების ისტორიკოსს, რომლის ცხოვრების ამბავსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ოთხი წლის აუსტერლიცი ნაცისტებს გამოარიდეს და, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად, ჩეხოსლოვაკიიდან დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს, სადაც უელსელი მღვდლის ოჯახში აღიზარდა. წლების შემდეგ აუსტერლიცი მთელ ევროპაში ეძებს დაკარგულ წარსულს.

“აუსტერლიცი” ზებალდის მეორე რომანია, რომელიც მაია ბადრიძემ თარგმნა გერმანულიდან ქართულ ენაზე. წიგნის სატიტულო გვერდზე მაია ბადრიძის სახელის ამოკითხვა არის ნებისმიერი ტექსტის წაკითხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

3. რაინერ მარია რილკე – “დუინური ელეგიები”. მთარგმნელი – ზვიად რატიანი. გამომცემლობა “ინტელექტი”.

“დუინური ელეგიები” 10 ელეგიისგან შემდგარი კრებულია. ინტელექტის გამოცემულ წიგნში, “დუინური ელეგიებთან” ერთად, შედის ავსტრიელი პოეტისა და მწერლის სხვა ლექსებიც.

რილკემ ელეგიების წერა 1912 წელს დაიწყო, როცა მარია ფონ თურნ-უნდ-ტაქსის ჰოენლოეს დუინოს სასახლეში ესტუმრა. პოეტმა კრებული მასვე მიუძღვნა გამოქვეყნებისას, 1923 წელს. 10 წლის განმავლობაში ელეგიებს  დაუსრულებელი სახე ჰქონდა. პოეტმა ტექსტთან დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო.

რაინერ მარია რილკეს ლექსებს, მათ შორის “დუინური ელეგიებს”, აქვს დიდი ისტორია ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. მრავალჯერ თარგმნილ პოეტსა და ლექსებს, ამჯერად, ზვიად რატიანის თარგმანით გაიცნობს მკითხველი. ქართული თანამედროვე პოეზიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის მიერ თარგმნილი ელეგიები ნამდვილად არის მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა.

4. “თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის ანთოლოგია”. მთარგმნელები — გიორგი ჯამბურია, მაია ლიპარტელიანი. გამომცემლობა “კენტავრი”.

თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგიის ანთოლოგია დრამასთან ბმაში არის ქართული ლიტერატურული სივრცისთვის ძალიან საჭირო კრებული. ანთოლოგიაში შესულია სამი თანამედროვე გერმანელი ავტორის სამი დრამა.

კლასიკოსად მიჩნეული ავსტრიელი ნობელიანტი მწერლის, პეტერ ჰანდკეს დრამატული ტექსტი პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. პოსტდრამატული თეატრის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის კრებულში შესული ტექსტი “ზდენეკ ადამეცი“ თარგმნა გიორგი ჯამბურიამ. დრამა ეფუძნება ზდენეკ ადამეცის ამბავს, რომელმაც 2003 წელს, 19 წლის ასაკში, ჩეხეთის ეროვნული მუზეუმის ტერასაზე სასიკვდილოდ დაიწვა თავი.

კრებულში ასევე შესულია ორი თანამედროვე გერმანელი დრამატურგის, ვოლფრამ ლოცისა (“ღიმილის მომგვრელი წყვდიადი”) და ვერა შინდლერის (“ჯიჯიუანდერი.ერთი ფეხის ამბავი”) დრამები.

5. თომას ბერნჰარდი – “დაღმამავალი”. მთარგმნელი – მაია ფანჯიკიძე. სულაკაურის გამომცემლობა.

“დაღმამავალი” (გერმ. Der Untergeher) არის თომას ბერნჰარდის ტრილოგიის პირველი ნაწილი. ტრილოგიის მეორე ნაწილი “ტყის ჩეხა” შარშან გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ. ორივე ტექსტი მაია ფანჯიკიძემ თარგმნა. სათაურშივე საგულისხმოა მთარგმნელის ალღო, რომელმაც ტექსტს ზუსტად მიუსადაგა სიტყვა – “დაღმამავალი”. ტექსტი სხვადასხვაგვარად (“ხელმოცარული”, “დაკარგული”) ითარგმნა სხვადასხვა ენაზე.

ტრილოგიის პირველ ნაწილში ბერნჰარდი ეხება მისი შემოქმედების მთავარ თემას, ხელოვნებისა და ხელოვანის კავშირს, ნამდვილი ხელოვნების ძიების, ამოცნობის და მასთან მისვლის შესაძლებლობა/შეუძლებლობის საკითხს. ბერნჰარდისთვის დამახასიათებელი, ძალიან დაწურული, განმეორებითობით სავსე თხრობით დაწერილი მუსიკალური რეფლექსიაა ის წიგნი, რომელიც ასრულებს სიას, სადაც ნაწარმოებთა თანმიმდევრობა სრულიად პირობითია.

მასალების გადაბეჭდვის წესი