ახალი ამბები

პარლამენტმა l მოსმენით მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას

2 ნოემბერი, 2022 • 955
პარლამენტმა l მოსმენით მხარი დაუჭირა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას.

კანონპროექტს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც ცვლილებების წარდგენისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება.

კანონპროექტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ის ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ექნება დამოუკიდებლობის მაღალი მანდატი და იგი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.

ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. ​ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით მოხდება.

კანდიდატურებს შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.

ცვლილებები გააკრიტიკა საპარლამენტო ოპოზიციამ. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური და შედეგიანი არ გახდება.

„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, რა უშლიდათ ხელს, რომ აქამდე შეექმნათ ანტიკორიფიული ბიურო, რომელიც წინადადებებს შეიმუშავებდა და პარლამენტს რაღაც რეკომენდაციებს წარუდგენდა.

„თქვენ რასაც გვთავაზობთ, ეს არის რაღაც კვლევითი ინსტიტუტი, მყვირალა სახელით. კორუფციასთან ბრძოლას დამატებითი კვლევები და პოლიტიკის შემქმნელის მაკოორდინირებლის მდივნის მოადგილის ასისტენტის შემოტანა არ სჭირდება“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს ანა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი