ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

2 ნოემბერი, 2022 • 981
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობა ფართოვდება და მას მუდმივ წევრად ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი.

საკანონმდებლო ინიციატივა პირველი  მოსმენით პარლამენტში დღეს, 2 ნოემბერს, განიხილეს.

როგორც ინიციატივის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ფარავს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიმართულებებს.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩართულია შიდა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში და ერთადერთი გარე უწყებაა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი არაა.

„ეს ცვლილება იქნება ორმხრივი სარგებელი, თვითონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებასა და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს. ამავდროულად, საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ბუტაფორიულია და არაფერს შეცვლის, გარდა კონკრეტული თანამდებობის პირის პირადი ინტერესისა.

„იმ დროს, როცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრინციპულად არ იკრიბება, მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ ომისა და საოკუპაციო ხაზზე გართულებული ვითარებისა და მოქალაქეების გატაცებისა, მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განახლება სტრატეგიული დოკუმენტებით, ეს ყველაფერი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პირების ინტერესს და სხვა არაფერს“, –  განაცხადა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამოსვლისას.


ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. საბჭო არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან.

საბჭოს სხდომა, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ იმართება და მას უძღვება  საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს სხდომა ბოლოს გაიმართა 2021 წლის 13 დეკემბერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრიანაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის წევრები სხდომის გამართვას არაერთხელ ითხოვდნენ.

ჯამში, შექმნიდან, ანუ 2019 წლიდან, საბჭოს სხდომა  სულ 7-ჯერაა გამართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი